200-ზე მეტმა ეკონომისტმა და მკვლევარმა, მათ შორის ნობელის პრემიის 15 ლაურეატმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი აფრთხილებენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) შესაძლოა გლობალური ეკონომიკა ისეთი სისწრაფითა და მასშტაბით შეცვალოს, რომელიც ინდუსტრიულ რევოლუციასაც კი გადააჭარბებს.
განცხადებაში, სახელწოდებით „ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ“ (We Must Act Now), მეცნიერები პოლიტიკოსებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებენ, უკვე დაიწყონ სტრატეგიების შემუშავება და ისეთი ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც AI-ის განვითარების შესაძლო უარყოფით შედეგებს შეამსუბუქებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთდროულად ქმნის როგორც რისკებს, ისე შესაძლებლობებს. მათ შორის რისკად სახელდება სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირება, ხოლო შესაძლებლობად — ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
მკვლევრების შეფასებით:
-
მომდევნო 10 წლის განმავლობაში AI შესაძლოა მნიშვნელოვნად გაძლიერდეს;
-
მისმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელიც ინდუსტრიულ რევოლუციაზე მასშტაბური იქნება, თუმცა გაცილებით მოკლე პერიოდში;
-
აუცილებელია წინასწარ მომზადდეს ეკონომიკური პოლიტიკა და მექანიზმები, რათა AI ადამიანის შესაძლებლობების გამაძლიერებელი ინსტრუმენტი გახდეს.
განცხადების მნიშვნელობას მისი ხელმომწერები ზრდიან — მათ შორის არიან დარონ აჩემოღლუ და სიმონ ჯონსონი, რომლებიც 2024 წლის ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ.
სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტის, ერიკ ბრინიოლფსონის განცხადებით, ბოლო პერიოდში ეკონომისტების დამოკიდებულება AI-ის გავლენების მიმართ შეიცვალა. მისი თქმით, ადრე ბევრი მკვლევარი სკეპტიკურად უყურებდა მოსაზრებას, რომ ტექნოლოგიური განვითარება სამუშაო ადგილების სწრაფ შემცირებას გამოიწვევდა.
ამასთან, ბოლო პერიოდში მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება დაიწყეს და რიგ შემთხვევებში მიზეზად ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების განვითარება დაასახელეს, რომლებიც უკვე შეძლებენ იმ სამუშაოების შესრულებას, რასაც ადრე ასობით ან ათასობით პროგრამისტი აკეთებდა.