საქართველოში საწვავის ფასი კვლავ იზრდება. სექტემბერში ბრენდირებულ ავტოგასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 19-დან 50 თეთრამდე გაიზარდა.

ფასების ცვლილების ყველაზე მკვეთრი ზრდა დიზელზე დაფიქსირდა. მაგალითად, Gulf-ის ქსელში სექტემბერში საწვავის ფასები 8-ჯერ შეიცვალა და დიზელის ზოგიერთი სახეობა 50 თეთრით გაძვირდა. ამჟამად G-Force სუპერის ფასი 4.55 ლარია, პრემიუმის — 4.17 ლარი, ევრო რეგულარის — 3.89 ლარი, ხოლო ევრო დიზელის — 4.87 ლარი.

Wissol-ში ფასები ბოლო ერთი თვის განმავლობაში 9-ჯერ დაკორექტირდა. ბენზინი 23-31 თეთრით, დიზელი კი 46-48 თეთრით გაძვირდა. ევრო რეგულარის ფასი 3.94 ლარს, ეკო პრემიუმის — 4.16 ლარს, ხოლო ევრო დიზელის — 4.89 ლარს შეადგენს.

Connect-ის ქსელში სექტემბერში ფასები 7-ჯერ შეიცვალა. ბენზინის ფასი 20-30 თეთრით, დიზელის კი 40-45 თეთრით გაიზარდა. დღეს რეგულარის ღირებულება 3.80 ლარია, პრემიუმის — 3.95 ლარი, ხოლო დიზელის — 4.65 ლარი.

SOCAR-ის ქსელში საწვავის ფასი 19-48 თეთრით გაიზარდა. ნანო ევრო რეგულარის ფასი 3.86 ლარია, ნანო პრემიუმის — 4.15 ლარი, ევრო 5 დიზელის — 4.78 ლარი, ნანო ევრო 5 დიზელის კი 4.86 ლარი.

სხვა ბრენდების შემთხვევაში ფასების ცვლილების სრული არქივი ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა Rompetrol-ის მიმდინარე ფასები 3.84-4.97 ლარის, Lukoil-ის კი 3.85-4.82 ლარის ფარგლებშია.

საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. სექტემბერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის ფასის შემდგომი ზრდის მოლოდინიც გამოითქვა. კომპანიების ნაწილი განმარტავს, რომ ახალი იმპორტის კონტრაქტებით საწვავის შესყიდვა უფრო ძვირი უჯდებათ, რის გამოც არსებული ფასები შესაძლოა საბოლოო არ იყოს.