საქართველოში გზების მოვლა-შენახვის სისტემის გაძლიერების ხელშესაწყობად შესაბამისი სტრატეგიისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„აღნიშნულ მომსახურებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფმა პირველ ეტაპზე საავტომობილო გზების მონიტორინგი უნდა განახორციელოს, რის შემდეგაც უნდა შეიმუშაოს მოვლა-შენახვის სტრატეგია, სახელმძღვანელო პრონციპები და ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს მდგრადი და ხარჯთეფექტური საგზაო აქტივების მართვას და ამავდროულად, დააკმაყოფილებს გზებით მოსარგებლეთა საჭიროებებს. საკონსულტაციო ჯგუფს დოკუმენტების მოსამზადებლად 12 თვე ექნება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 882 750 დოლარს შეადგენს. ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 15 სექტემბრისა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.