2026 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობა $500-მილიონიან ახალ ევროობლიგაციას გამოუშვებს. ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში მონაწილეობისთვის მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს JPMorgan-თან, Citi ბანკთან, Barclays-თან, Goldman Sachs-თან, HSBC-თან და სხვა გლობალურ საფინანსო ორგანიზაციებთან. ასევე, მოლაპარაკებები გაიმართება Galt & Taggart-თან და TBC Capital-თან.

,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა საკითხები განიხილეს Galt & Taggart-თან გამართულ შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა. საკითხზე ჩვენ ორგანიზაციის კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვანო კიკვილაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, შეხვედრაზე ტრანზაციის სტრუქტურა და ტრანზაქციისთვის განკუთვნილი ვალუტა განიხილეს. Galt & Taggart-მა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს რეკომენდაციებიც მიაწოდა. ორგანიზაციის პოზიციით, ტრანზაქციები განხორციელება ევროში უკეთესი იქნება, რადგან ამ ვალუტის განაკვეთი დოლართან მიმართებაში დაბალია. კიდევ ერთი რეკომენდაცია ლარიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარეობს. Galt & Taggart-მა ფინანსთა სამინისტროს ორმაგი ვალუტის ემისიები შესთავაზა. რაც ლარისა და დოლარის ორტრანშიან, პარალელურ ემისიას გულისხმობს. მხარეები შეთანხმდბებ, რომ ტრანზაქციაზე ლიდ მენეჯერი  უცხოური, საერთაშორისო ბანკი იქნება.

,,ჩვენ განხილვა გვქონდა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ევროობლიგაციასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. რა ვადებში უყურებენ, გავუზიარეთ ჩვენი რეკომენდაციაც ტრანზაციის სტრუქტურასთან და ვალუტასთან დაკავშირებით. მათ შორის იდეა იყო, რომ ევროში ხომ არ გაკეთდეს ანუ ევროში ხომ არ იყოს დენომინირებული ობლიგაცია. იმიტომ, რომ ევროს განაკვეთები ზოგადად დოლართან შედარებით უფრო დაბალია. ძირითადად ტრანზაქციის სტრუქტურაზე მიდიოდა საუბარი. ჩვენი მხრიდან გაჟღერდა იდეა, რომ ორმაგი ვალუტის ემისია ხომ არ მომხდარიყო. ანუ დოლარი ლარის ორტრანშიანი, პარალელური ემისია. ლარიზაციის პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეიძლება ლარის ემისიაც საინტერესო იყოს სახელმწიფოსთვის. ჩვენი მხრიდან გავაზიარეთ იდეები. შევთანხმდით, რომ საბოლოო ჯამში ლიდ მენეჯერი ტრანზაქციაზე იქნება უცხოური, საერთაშორისო ბანკი. ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი.“- აცხადებს ვანო კიკვილაშვილს.

Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფო ევროობლიგაციის ქონა კაპიტალის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვანო კიკვილაშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერი კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციის ფასი სახელმწიფო ობლიგაციებიდან გამომდინარეობს.

,,ზოგადად, კაპიტალის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ევროობლიგაციის ქონა. იმიტომ, რომ სახელმწიფო ევროობლიგაცია, როგორც წესი ასრულებს ბენჩმარკის როლს ბაზრისთვის. ანუ, ნებისმიერი კორპორატიული კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციის ფასის დადგენა ხდება სახელმწიფო ობლიგაციასთან მიმართებით. ამიტომ, ევროობლიგაციის, როგორც ბენჩმარკის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი გავაჟღერეთ ფინანსთა სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, მათაც ძალიან კარგად იციან ამის შესახებ. ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ეს ტრანზაქცია განახორციელოს ჩვენც ჩავერთოთ ჩვენი მხრიდან.“- აცხადებს ვანო კიკვილაშვილი.