ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს.

„დარღვევებში“ ევროპული მხარე კონკრეტულ პუნქტებს მოიაზრებს, მათ შორის უპირველესად: საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვას.

ასევე, საყურადღებო მოთხოვნაა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" მიღებული კანონების გაუქმება.

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს უამრავი მოქალაქისთვის არა მხოლოდ ტურისტული და საქმიანი ვიზიტების გამარტივება, არამედ შემოსავლის ძირითადი წყაროა. 3-თვიან ვადას მოქალაქეები ლეგალური დასაქმებისთვის იყენებენ, ბევრი მათგანი დაზოგილი თანხით უკან ბრუნდება და ცხოვრების ძირითად ხარჯებს ფარავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ „ ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს“. 

ქართულ ეკონომიკაში რემიტენსების (ფულად გზავნილები, რომლებსაც ემიგრანტები აგზავნიან თავიანთ ქვეყნებში, ძირითადად ოჯახის წევრებისთვის) მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ეკონომისტი ნიკოლოზ ალავიძე, რომელსაც ვკითხეთ, თუ რა გავლენა ექნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ქვეყნის ეკონომიკაზე.

მისივე შეფასებით, თუ ევროკავშირის წევრი  ქვეყნები  საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ფულადი გზავნილების დაახლოებით 50%-ით შენელებას გამოიწვევს.

საშუალო ვადიან პერსპექტივაში კი ვიზის მიღების სირთულე, საქმიან და ბიზნესს ურთიერთობებს დააზარალებს.

„ირაკლი კობახიძის განცხადებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. კარგი იქნება, თუ კონსულტაციას ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან გაივლის; თუნდაც ბიზნესის ასოციაციასთან, რომელიც პროსახელისუფლებოა.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ძალიან მინდა, პოზიტიური დამოკიდებულება შევინარჩუნო და მჯეროდეს, რომ ეს არ მოხდება.

თეორიულ დონეზე ეს რომ მოხდეს, ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე იქნება, როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

მოკლევადიან პერსპექტივაში მყისიერად დაარტყამს ფულადი სახსრების შემოდინებას, რომელსაც ჩვენ რემიტენსების სახელით ვიცნობთ და მისი ოდენობა წელიწადში 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამომუშავებული თანხა. რემიტენსების წილი ევროკავშირის ქვეყნებიდან დაახლოებით 50%, ეს რა თქმა უნდა, არ განულდება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს განახევრების შესაძლებლობა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში- მინიმუმამდე შემცირების.

საშუალოვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, იმ ხალხს, ვისაც ტურიზმთან შეხების გარდა, საქმიანი ვიზიტები ჰქონდა ეროკავშირის ქვეყნებში, ცხოვრება გაურთულდება. მათ ან ვიზების რიგში მოუწევთ დროის დაკარგვა, ან საერთოდ უარს იტყვიან საქმიან შემოთავაზებებზე.

მარტივად დავბრუნდებით იმ საფეხურზე, სადაც ვიზალიბერალიზაციამდე ვიყავით.

ძალიან მარტივად არის დათვლადი საქართველოს მშპ ვიზალიბერალიზაციამდე და მის შემდეგ, აქედან ალოკაციის მეთოდით შეგვიძლია გამოვყოთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ბენეფიტები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი მონაცემია“,- აღნიშნავს ნიკოლოზ ალავიძე „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი პოლიტიკური სიგნალია, რომელიც საქართველოს დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია, რაც ქვეყნის ქვეყნის რეპუტაციას  მნიშვნელოვნად აზიანებს, ზრდის სუვერენული სესხების ფასს და ფინანსურ წნეხს აძლიერებს.

უვიზო მიმოსვლის გაუქმების გავლენას ეკონომიკაზე, საქართველოს ათიათასობით მოქალაქე პირადად იგრძნობს.

„ვიზალიბერალიზაცია მარტო ვიზაზე წვდომის შეზღუდვა  არაა, ეს გამოწვეულია იმ პოლიტიკური გადაცდომებიდან, რომლებიც ქვეყნის მმართველმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ჩაიდინა. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი იმ მიზეზით არ ხდება, რომ ქართველებმა ევროკავშირის ქვეყნებში რამე დავაშავეთ, ეს წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დემოკრატიის უგულებელყოფით და ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ თითქმის ირანთან და რუსეთთან გაგვაიგივეს.

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ასევე გამოიწვევს ჩვენი, როგორც ქვეყნის რეპუტაციულ დაღმასვლას, რაც სუვერენულ რეიტინგზე პირდაპირ აისახება. შეგვეზღუდება დაფინანსების მიღება, როგორც დასავლური საფინანსო ინსტიტუტებიდან, ისე ქვეყნებიდან.

დაგვრჩება მხოლოდ ის რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მივიღეთ და აბსოლუტურად უვარგისია, თუ ეს პროცესი შეჩერდა. ვვარაუდობ, რომ მინიმუმ 0,5-2%-მდე გაგვიძვირდება იმ სუვერენული სესხების ღირებულება, რომელიც აღებული გვაქვს, უწევს დაფარვა და ამ განახლების საფასური გაიზრდება, რაც ბიუჯეტზე დამატებითი წნეხია. მოკლე ვადაში ეს თანხა ადვილად დათვლადია: წლის ბოლომდე თითქმის 800 მილიონი დოლარის დაფარვა გვიწევს, 2026  წლის  I კვარტალში მილიარდ სამასი ათასის, საიდანაც განახლების ნაწილი თუ მინიმუმ 1%-ით გაგვეზარდა, მარტივად დასათვლელია, ეს ბიუჯეტს რამდენი დოლარით მეტი დაუჯდება.

პირდაპირ ხარჯს ასევე დაემატება ის მიუღებელი შემოსავალი, რომელიც უვიზო მიმოსვლას უნდა დაეგენერერებინა; ასე რომ, უვიზო მიმოსვლის გაუქმება უშუალოდ და პირადად შეეხება საქართველოს ათი ათასობით მოქალაქეს“,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.