გასულ კვირას რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები კვლავ გაიზარდა ბაზარზე ახალი მოსავლის ნაკლები მიწოდების ფონზე, რომელიც სრულად ჯერ არ აღებულა.

კერძოდ, სააგენტო IKAR-ის ცნობით, აგვისტოს მიწოდებისთვის ახალი მოსავლის რუსული ხორბლის FOB-ფასი, წინა კვირასთან შედარებით, ტონაზე 7 დოლარით გაიზარდა და 236 დოლარს მიაღწია.

კიდევ ერთ აგროსააგენტო SovEcon-ის მონაცემებით, გასულ კვირას ახალი მოსავლის 12.5%-იანი ცილის შემცველობის ხორბლის ფასი ტონაზე 230-234 დოლარს შეადგენდა, მაშინ, როცა ერთი კვირის წინ 228-230 დოლარი ღირდა.

რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონებში მოსავლის აღების კამპანია უკვე დასასრულს უახლოვდება. თუმცა ექსპორტიორების მოთხოვნა ბაზარზე ახალი მოსავლის მიწოდების ტემპს კვლავ აღემატება. მიზეზი მიმდინარე სეზონზე მოსავლის აღების დაგვიანებით დაწყება და ფერმერების მხრიდან ფასების ზრდის მოლოდინია.

SovEcon ივლისში ხორბლის ექსპორტს 2.4 მლნ ტონამდე აფასებს, მაშინ, როცა წინა წელს 3.9 მლნ ტონას და საშუალო წლიურ 3.1 მლნ ტონას შეადგენდა.

IKAR ივლისში ხორბლის ექსპორტს, ასევე, 2 მლნ ტონაზე ოდნავ მეტად აფასებს.

bpn.ge