სტამბოლში უკრაინასთან დაგეგმილი მორიგი მოლაპარაკებების დროს სასწაული გარღვევის მიღწევის იმედი არ გვაქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოდით, გულწრფელად ვთქვათ: უკრაინული კონფლიქტის მოგვარების საკითხი იმდენად რთულია, რომ გაცვლის ან გარდაცვლილთა ცხედრების დაბრუნების შესახებ შეთანხმებები უკვე მიღწევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სასწაული გარღვევის მოლოდინი არ არსებობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებულ ვითარებაში ეს შესაძლებელია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი „მზად არის თავისი ინტერესების დაცვა გააგრძელოს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს“.

ცნობისთვის, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა სტამბოლში, 23 ივლისს არის დაგეგმილი.