„ეროვნული ბანკი იგივე შემართებით და იგივე ხაზით აგრძელებს მუშაობას და სამომხმარებლო სესხებთან და მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებასთან მიმართებაში კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ,“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით კვლავინდებურად ყურადღებით იქნება ეროვნული ბანკი და გადაწყვეტილებები მდგომარეობის მიხედვით იქნება მიღებული.
მორიგ, აგვისტოს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინებზე საუბრისას ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს, მაგრამ ეროვნულ ბანკს არ შეუქმნია მოლოდინი - ეს განაკვეთი 9% იქნება, 9%-ზე ნაკლები, თუ მეტი.
„მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს სხდომაზე გარკვეულწილად უნდა შემცირდეს განაკვეთი, მაგრამ კონკრეტულად რა ნიშნულამდე უნდა შემცირდეს, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ეროვნულმა ბანკმა არ შექმნა მოლოდინები 9% იქნება, 9%-ზე ნაკლები, თუ მეტი,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.