სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების გეგმა და მკაფიო კრიტერიუმები არ აქვს შემუშავებული, რომლებითაც განისაზღვრება, რომელი საწარმოების გასხვისებაა მიზანშეწონილი და რა პირობებით უნდა განხორციელდეს პროცესი. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2023-2025 წლების პერიოდს მოიცავს.

აუდიტის მიხედვით, პრივატიზების პროცესში მკაფიო გეგმისა და კრიტერიუმების არარსებობა ართულებს იმის განსაზღვრას, რომელი სახელმწიფო საწარმოს შენარჩუნებაა მიზანშეწონილი და რომელი შეიძლება გასხვისდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო საწარმო, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზე ან სახელმწიფო ქონების გამოყენებიდან თუ რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, დადებითი ფინანსური შედეგების მიღწევას ვერ ახერხებს.

აუდიტის სამსახური რეკომენდაციას იძლევა, შეფასდეს, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ორგანიზაციების საწარმოს ფორმით არსებობის გაგრძელება. ეს შეფასება, ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო საწარმოების მართვისა და პრივატიზების პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

აუდიტის რეკომენდაციებს შორისაა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების გეგმისა და მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება, რათა გადაწყვეტილებები საწარმოების ფინანსური მდგომარეობისა და მათი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენის მიზანშეწონილობის შეფასებას დაეფუძნოს.