სრულდება თუ ვერა სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა - საკითხზე ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წლევანდელ 4-თვიან შეჯამებულ მაჩვენებლებს, თუ გასული წლის იგივე მონაცემებს, ინფლაციის გათვალისწინებით შევადარებთ, ზრდა ფაქტობრივად, არ არის. შესაბამისად, სახელმწიფოს შემოსავლების ნაწილში წლიურად დაგეგმილი 8.5%-იანი ზრდის შესრულება გაუჭირდება. შედეგად, კი „შესაძლოა, სხვა საშუალებებით მოუწიოს კომპენსირება“.

„2025 წლის აპრილში, 2024 წლის აპრილთან შედარებით, შემოსავლებში ზრდა არის 0. იგივე არის მაჩვენებელი. წელს მარტში, 2024 წლის მარტთან შედარებით გვქონდა 1.5%-იანი კლება. რომ ვისაუბროთ ახლა 4 თვის შედეგებზე, ნაერთი ბიუჯეტში, წინა წლის 4 თვესთან შედარებით ზრდა არის 4%. აქვე, გავიხსენოთ, რომ ეს არის ნომინალური 4% და პირველი 3 თვის შედეგებით, ინფლაცია გვაქვს 3.5%, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ზრდა არ გვაქვს.

რაც შეეხება გეგმას, ნაერთი ბიუჯეტის შემოსვლები წლიურად დაგეგმილია 8.5%-იან ზრდაზე. 4 თვეში გაიზარდა 4%-ით, წლიურ გეგმა არის 8.5%, ამ დროს, როგორ შესრულდა კვარტალური გეგმა ვიცით - ყველა ძირითადი გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა და მხოლოდ სხვა გადასახადების (სადაც იდენტიფიცირებული და წინასწარ გადახდილი გადასახადის გარჩევა, ძალიან რთულია), მობილიზების ხარჯზე მოხდა კვარტალური გეგმის შესრულება.

არსებული მდგომარეობით, წლის გეგმის შესრულება იქნება ძალიან რთული. ანუ, 8%-იანი ზრდის გეგმა გვაქვს, ამ დროს წლის მესამედი უკვე გავიდა და გეგმის ზრდის ტემპი ვერ სრულდება.

რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე დაინტერესებული მხარეა გვითხრას, რომ ყველაფერი არის იდეალურად, რა თქმა უნდა, ის იშველიებს იმ მაჩვენებლებს, რომელიც ასე თუ ისე, მსმენელს და მაყურებელს აჯერებს მისი სურათის რეალობას. მაგრამ თუ ჩავეძიებით და გვინდა, რომ ვიყოთ ობიექტურად კრიტიკულები, ფაქტები და რიცხვები გვეუბნება, რომ ამ გეგმის შესრულება იქნება ძალიან რთული.

როდესაც გეგმაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმ ფულს, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო წლის განმავლობაში და რითაც მერე გაისტუმრებს თავის ხარჯებს. ჩემი პროგნოზით, საგადასახადო ნაწილში ჯერჯერობით ძალიან გაუჭირდება ამის აკრეფა, შესაბამისად, შეიძლება, სხვა საშუალებებით მოუწიოს ამის კომპენსირება. თუ რა თქმა უნდა, თვითონ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ რადგანაც ვერ აკრიფა იმდენი საგადასახადო შემოსავალი, რაღაც ტიპის ხარჯებზე თქვას უარი. თუ ასეთი დინამიკა წავიდა, შეიძლება სახელმწიფოს სეკვესტრის რეზერვი ჰქონდეს. ანუ პირობითად, თქვას, თუ მქონდა გადაწყვეტილი, რომ 3 მლრდ-ს დავხარჯავდი შრომის ანაზღაურებაში, ახლა ეს ხარჯვითი ნაწილი შემცირდება, მოხდება სეკვესტრი ხარჯების და შესაბამისად, ის ვერაკრეფილი გადასახადები დაკომპენსირდება არდახარჯული დაგეგმილი ხარჯით“,- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

www.bpn.ge