ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი_63.2% მიიღო და მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა . რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.
მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით მსოფლიოში მთავრობების საქმიანობა შეფასდა 4 კრიტერიუმით: საკუთრების უფლების დაცვა; ინვესტიციების მოზიდვა; ლოჯისტიკური კომპეტენცია; სტაბილური ბიზნეს რეგულაციები. საკუთრების უფლების დაცვით საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზე გავიდა; სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით 15-ე პოზიცია დაიკავა.
განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ინვესტიციების მოზიდვით საქართველო მსოფლიოში 4-ე ადგილზე გავიდა და ევროპაში მესამე პოზიცია დაიკავა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „ კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი ბაზრები აუცილებელია ეკონომიკის აყვავებისა და ერის აღორძინებისათვის. მათ განსავითარებლად მთავრობებს უნდა შეეძლოთ საკუთრების უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა, შიდა და საგარეო ეკონომიკური აქტივობის წახალისება და მხარდაჭერა; ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება; მყარი და სტაბილური რეგულაციების შექმნა. მიმზიდველი ბაზრები ქმნის სამუშაო ადგილებს, ინოვაციებს და შესაძლებლობებს.“
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
ანგარიში ეყრდნობა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/cggi/chandler-good-government-index
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/
https://chandlergovernmentindex.com/data-table/
Kvira.ge