2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს.

მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავდა IV მექანიზებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.

    2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი/დაშავებული 1045 სამხედრო მოსამსახურიდან, დღეის მდგომარეობით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობს 526 პირი. აქედან 61 სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილია ავადმყოფობის მიზეზით.

    რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, როგორც ირკვევა აგვისტოს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა ორ პირს, რომლებზეც გაიცემა სახელმწიფო დახმარება.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 2008-2015 წლებში სულ შეადგინა 3 914 537 ლარი, ხოლო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების - 988 567 ლარი.

    ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 დეკემბრის N882 განკარგულების საფუძველზე, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს თბილისში, აბაშვილის ქუჩაზე გადაეცათ ბინები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის 2010-2014 წლებში დამატებით სხვადასხვა საჩუქრისა და ღონისძიებისათვის გაწეულია 303 868 ლარის ოდენობის ხარჯი.

    რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სამოქალაქო პირების ოჯახებისათვის გაწეულ მატერიალურ დახმარებებს, როგორც ირკვევა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გამოეყოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეული ოჯახისათვის 10 000 ლარის ოდენობით.