გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი არჩილ იაკობაშვილი, სოციალურ ქსელში საზოგადოებას უზიარებს საკუთარ მოსაზრებას იმაზე, თუ რატომ შეიძლება დათანხმებულიყო ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრას.

კონომიკის პროფესორი  მიანიშნებს შვეიცარიული ბანკების, UBS-ისა და Credit Suisse-ის, შერწყმაში ალან ბერსეს როლზე. მისი თქმით სწორედ  ბერსემ გადაარჩინა Credit Suisse-ის ყველა კლიენტი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, როდესაც მოაწერა ხელი, რომ UBS-ს კონკურენტი ბანკი სიმბოლურ ფასად გადასცემოდა.

"მათთვის, ვისაც აინტერესებს, რატომ შეიძლება დათანხმებოდა ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა შეხვედრას ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან:

ბერსე იყო 10 წლის მანძილზე (2013-2023) შვეიცარიის შსს მინისტრი და ამ პერიოდში 2-ჯერ როტაციის წესით შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტი (ე.ი. მინისტრთა საბჭოს თავ-რე).

2023 წლის 19 მარტს, გამონაკლისის სახით კვირა დღეს, სწორედ ბერსემ როგორც 2023 წელს შვეიცარიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, მოაწერა ხელი ნებართვას, რომ UBS-ს გადასცემოდა სიმბოლურ ფასში 1 ფრანკად Credit Suisse-ის აქციების სრული პაკეტი, ხოლო ტრანსაქციის გარანტორი იქნებოდა შვეიცარიის სახელმწიფო.

ბერსეს ამ გადაწყვეტილების გარეშე ორშაბათს 20 მარტს, საერთაშორისო ფინანსურ ბირჟებზე მოხდებოდა ერთდროულად მიწისძვრაც და ცუნამიც შესაბამისი დროის ზონების მიხედვით აზიიდან ევროპის გავლით ამერიკამდე.

ბერსემ გადაარჩინა Credit Suisse-ის ყველა კლიენტი, მათ შორის ბიძინაც, თუნდაც სასამართლო დავის პირობებში.

დასკვნები (ნაკლები ემოციით და მეტი პროფესიონალიზმით) უფრო სასურველი იქნებოდა",- წერს არჩილ იაკობაშვილი ბერსეს და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ბერსეს და ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა საუბრის თემა არ საჯაროვდება.

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ოთხშაბათს გვქონდა, რომელიც სხვა შეხვედრების მსგავსად იგივე საკითხებს შეეხებოდა - საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ბოლო თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და ვალდებულებები, რაც არსებობს და რეალობას და ასევე ყველა მხარის პასუხისმგებლობას, მათ შორის ევროპული მხარის, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე გააგრძელოს სიარული," - თქვა ალან ბერსემ.