საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება, 228 121 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 474 683 -ს შეადგენს. მხოლოდ ერთ თვეში ე.წ. „შავ სიაში“ 1 762 მსესხებელი მოხვდა.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა რომ შემცირდეს, ქვეყანა ეკონომიკურად უნდა გაიზარდოს.
„ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. მაგალითად საბანკო სექტორში ტენდენცია უფრო შემცირებისკენ მოდის, თუმცა ზოგადად საფინანსო სექტორში ის ისევ მაღალია და ამას დრო დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ნიშნები არის, პრობლემად რჩება ის, რომ ინფლაცია მაღალია და შინამეურნეობის ხარჯები გაზრდილია.
იმისათვის რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობა შემცირდეს, ქვეყანა უნდა გაიზარდოს ეკონომიკურად. რაც შეეხება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას რომელიც წინა წელს გვქონდა, ეს ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული და ძირითადად მიგრანტების ეფექტი შედეგი იყო, სამწუხაროდ ამ ზრდას ორნიშნა ინფლაცია ერთვოდა. სამწუხაროდ, მოქალაქეები უფრო გრძნობენ ფასების ზრდას, ვიდრე ეკონომიკური ზრდის სიკეთეებს, ამას გარკვეული დრო სჭირდება“, — აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
მსესხებლების 83.5% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 35 959 284 314 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 613 691 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 12 996-ია.
კიდევ 759 514 ადამიანს კი, ჯამში 3 073 807 348 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 15 545 ადამიანს უფიქსირდება.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 22 171 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 448 918 985 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 668 მსესხებელს უფიქსირდება.