2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ვიქტორ ჯაფარიძეს მესტიაში მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლი და კომერციული ფართი აქვს. მისივე მფლობელობაშია რამდენიმე კომპანიის აბსოლუტური და მნიშვნელოვანი წილები, თბილისში უძრავი ქონება და მედიაკომპანიის საკონტროლო წილი. 

კერძოდ, დეპუტატს მესტიაში აქვს 8 მიწის ნაკვეთი, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, მემკვიდრეობით მიიღო. ფართობი ჯამში 31 462 მ-კვ.მ- ია. მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაში ასახულია ასევე დაბა მესტიაში კომერციული ფართი და საცხოვრებელი სახლი.

2013 წელს დეპუტატმა $180 000-ად იყიდა 131,5 კვ.მ ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე.

მის საკუთრებაში არ არის ავტომობილი. რაც შეეხება მის მეუღლე ნათია ხვისტანს, მას $20 000-ად ნაყიდი, 2012 წელს წარმოებული ml ჰყავს.

ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნის შპს პოსტვ-ის წილის 52%. დეპუტატი ასევე ფლობს შპს სეტი +- ის 33.3%-ს ოთარ ჩართოლანთან;

მას 100%-იანი წილი აქვს შპს თაბუნში, რომლის წილის მმართველიც ოთარ მაზმიშვილია;

ნათია ხვისტანს ეკუთვნის All seasons-ს წილის 50%. ასევე, შპს ქცია 94-ის 66.9%. სხვა კომპანიის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ არის.

2023 წლის იანვარში „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ოთხჯერ შემოწმდა და ოთხივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების არასრულ აღრიცხვას.

კერძოდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის დეკლარაციაში 2019 წლიდან აღარ არის მოხსენიებული შვილი, ეკატერინე ჯაფარიძე და მისი უძრავი ქონება, ამავე დეკლარაციაში ვეღარ ვხვდებით ჩანაწერს ვიქტორ ჯაფარიძის უძრავ ქონებაზე, რომელიც მან 2002 წელს 26,300 აშშ დოლარად შეიძინა. ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარეობდა. ასევე, საინტერესოა მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე მიწის ნაკვეთის შემთხვევაც, რომელიც ვიქტორ ჯაფარიძემ მემკვიდრეობით მიიღო.

2020 წლის დეკლარაციაში ჩნდება ახალი ჩანაწერები ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის სახელზე. თუკი 2019 წელს მის სახელზე მხოლოდ ბინა და სხვენი ფიქსირდებოდა, 2020 წლის დეკლარაციაში ჩანაწერი გაჩნდა 1995 წელს შეძენილ ბინაზეც, რომელიც მანამდე არსად ფიქსირდებოდა.

2022 წლამდე არსად ფიქსირდებოდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ 2010 წელს დაბა მესტიაში მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო. ასევე, ჩნდება ჩანაწერი 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებულ ორ მიწის ნაკვეთზე, რომლებიც მესტიაში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარეობს. თუკი, წინა წლების ქონებრივი დეკლარაციებიდან გამქრალი იყო თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჯაფარიძემ 2013 წელს შეიძინა, 2022 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ბინა კვლავ გამოჩნდა.