ქართულ ბანკებში ჩინური იუანის დეპოზიტების მოცულობა იზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის, საბანკო სექტორში 35.975 მლნ ლარის მოცულობის ჩინეთის ეროვნული ვალუტის დეპოზიტია განთავსებული, რაც დღევანდელი კურსით 95.440 მლნ იუანს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იუანის მოცულობა თითქმის 158%-ით არის გაზრდილი, 2024 წელს ბანკებში 13.959 მლნ ლარის ჩინური ვალუტა იყო, რაც მაშინდელი კურსით 36.930 მლნ იუანს შეადგენდა.

რაც შეეხება ზოგადად მონაცემებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 61.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.19 მილიარდი ლარით, 1.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი) - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.24 პროცენტული პუნქტით). სებ-ის მონაცემებითვე, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი