მთავრობის 2024 წლის 26 დეკემბრის განკარგულებით რთველის შესახებ 15 ივნისის განკარგულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც,  სახელმწიფო კომპანია, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" 2024 წლის რთველის პერიოდში ჭარბი/დაზიანებული ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის, სუბსიდიის სახით 6 მილიონი ლარის ნაცვლად, მიიღებს 10 მილიონ ლარს.

მთავრობის ნომერ 1867 განკარგულების თანახმად, თანხა "ერთიანი აგროპროექტის პროგრამის" "ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებების" ქვეპროგრამის ასიგნებებიდან გამოიყოფა.

სახელმწიფო კომპანიას თანხა სოფლის განვითარების სააგენტომ უნდა ჩაურიცხოს.

ცნობისთვის, 2024 წელს შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ. საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად იბარებდა.

2024 წელს რთველის სუბსიდირების თავდაპირველად 85 მლნ ლარი გამოიყო, თუმცა რთველის დაწყების შემდეგ მთავრობამ დამატებით 32 მლნ ლარი გამოყო, თუმცა, ახლა გამოდის, რომ წელს სუბსიდირება ბიუჯეტს 121 მლნ ლარი დაუჯდა.