Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნიდან 235.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 54%-ით ჩამორჩება. ექსპორტი მხოლოდ მაის-ივლისის პერიოდში განხორციელდა.
ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირების ტენდენცია გასულ წელსაც დაფიქსირდა, როდესაც გაყიდული ენერგიის მოცულობა წლიურად 51%-ით შემცირდა და 511.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 2023 წელს 1 468.4 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია, თუმცა მომდევნო წლებში კლების ტენდენცია დაიწყო.
ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასის ვარდნაა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაის-ივლისში თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო ფასი 3.5 ცენტი/კვტ.სთ იყო, რაც წლიურად 46%-ით ნაკლებია. ამასთან, ექსპორტის სისტემური საფასური 1.5 ცენტს შეადგენდა.
თურქეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება. მიმდინარე წელს საქართველოდან გატანილი ელექტროენერგიის 70%-ზე მეტი სწორედ თურქეთში გაიყიდა. თუმცა, ბაზარზე შემცირებული ფასების გამო ექსპორტი ენერგოკომპანიებისთვის ნაკლებად მომგებიანი გახდა.
ჭარბი გენერაციის პირობებში ადგილობრივ ელექტროსადგურებს გამომუშავების შეზღუდვაც დაუწესდათ, რამაც ენერგოკომპანიებს ფინანსური ზარალი მიაყენა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებამ დაახლოებით 11.5 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით თითქმის განახევრებულია.
ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა ასე გამოიყურება:
-
2022 წელი – 971.1 მლნ კვტ.სთ;
-
2023 წელი – 1 468.4 მლნ კვტ.სთ;
-
2024 წელი – 1 047.4 მლნ კვტ.სთ;
-
2025 წელი – 511.2 მლნ კვტ.სთ;
-
2026 წელი – 235.8 მლნ კვტ.სთ.