საქართველოს პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ახლა ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ახალი პრეზიდენტის არჩევა და მისი ხედვა საფინანსო სექტორზე გავლენას მოახდენს.

„კანონში შესულ ცვლილებებზე მეტად, საფინანსო სექტორს ზიანი შეიძლება იმ აჟიოტაჟისგან უფრო მიადგეს, რაც ამ ყველაფერს მოყვა.

კარგი იქნება თუ ახალი პრეზიდენტი მალე იქნება არჩეული. მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისთვის და ზოგადად საფინანსო სექტორისთვის. საჭიროა გაგრძელდეს ის ციფრული განვითარება, რაზედაც ორიენტირი აქვს ეროვნული ბანკს. ამ ყველაფერს კი მშვიდი გაგრძელება და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც მიმდინარე საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს, როგორც ეს მარტიდან შეუფერხებლად გრძელდება.

ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა. მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება ახალი პრეზიდენტის ხედვა, სტრატეგია და გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლოა უფრო სასიკეთო  ან ნაკლებად სასიამოვნო იყოს საფინანსო სექტორისთვის“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა IMF-ის შენიშვნებზეც ისაუბრა, რომელიც ფონდმა სებ-ის საკანონმდებლო ცვლილების მიმართ გააკეთა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეფერხების რისკი მცირედი, მაგრამ არსებობს და ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საინვესტიციო რეიტინგის მიღება, რაც ნიშნავს საქართველოში მეტი იაფი რესურსის შემოსვლას.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

აღნიშნული კანონის პროექტის პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.

ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონის მოქმედი რედაქცია უცვლელად შენარჩუნდეს, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავდა, რომ წარსულში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრა პრობლემა არასდროს ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე.