1-ელი ივლისიდან, სესხის გამცემ ორგანიზაციებს ₾1 მილიონამდე სესხის მხოლოდ ლარში გაცემა შეეძლებათ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვარი 1,000,000 ლარამდე გაზარდა და ეს შეზღუდვა ბანკების შემდეგ, უკვე სესხის გამცემ ორგანიზაციებსაც დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა.
„სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.
სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით“, - ნათქვამია სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში.