სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები ,,კომერსანტთან“ აცხადებენ, რომ ბანკებმა ახალი პროექტების დაკრედიტება და იპოთეკური სესხების გაცემა შეაჩერეს. დავინტერესდით, რამ განაპირობა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მიდგომის ცვლილება. ,,კომერსანტი“ ,,საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს“ ესაუბრა. ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ბანკების მხრიდან არც ერთი სექტორის მიმართ დაკრედიტების მიმართულებით მიდგომები არ შეცვლილა.

,,შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებულად არ შეცვლილა არანაირი მიდგომა. საუბარია კონკრეტული რისკის შეფასების ნაწილთან მიმართებაში. უძრავი ქონების მიმართულებით როგორც იცით 2023 წლიდან ვსაუბრობდით, რომ 2024 წლის განმავლობაში ველოდებოდით, რომ შესაძლებელი იყო შეჩერებულიყო ფასების ზრდა ან მომხდარიყო გარკვეული კორექტირება. როგორც იცით, ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა იჯარებთან დაკავშირებით მოთხოვნების გამკაცრება, მათი გათვალისწინება შემოსავალში, მაგრამ განსაკუთრებით მიდგომის ცვლილება ან დეველოპმენტის მიმართულებით ან სამშენებლო სექტორთან მიმართებაში, რომ რაიმე ბევრად უფრო მკაცრად არის, არ იდენტიფიცირდება დღეს.’’- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა წილი უჭირავს სესხებს ბანკების პორტფელებში. ,,საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი“ კონკრეტულ მონაცემს ვერ ასახელებს და განმარტავს, რომ დასკვნის გამოსატანად დამატებითი მონაცემებია საჭირო, რაც ჯერ მათ არ აქვთ. ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ იანვრის თვის მონაცემების მიხედვით, პორტფელებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდებოდა.

,,ჯერ თებერვლის ინფორმაცია არ მაქვს. იანვრის ჩათვლით საკმაოდ მაღალია აქტივობა და ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. თებერვლის მაჩვენებლები, რომ გვექნება უფრო ნათელი სურათი გვექნება. იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით არაფერი მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის. გასული წლის მაჩვენებლით ლარში 18%-იანი ზრდა იყო საკრედიტო პორტფელზე. ვერ გეტყვით, რომ მკვეთრი ამოვარდნა იყო რომელიმე თვესთან მიმართებაში და ამან აქტიური ზეგავლენა მოახდინა. დინამიკა უნდა ვნახოთ. რეალურად ჩვენ, ამ დინამიკის გადახედვას მოვახდენთ ზაფხულში. ზაფხულში რეალურად გვექნება სურათი რა დინამიკა არის.’’- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც ,,საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტს ვკითხეთ მომხმარებლების მხრიდან იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ეკონომისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე ადამიანები გრძელვადიანი და მოცულობითი ფინანსური ვალდებულების აღებისგან თავს იკავებენ.  ,,საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტს ვკითხეთ, როგორ აისახა ადამიანების მოლოდინები საბანკო სექტორზე და რეალურად შემცირდა თუ არა მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე. ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ მოქალაქეების მოლოდინები და შეგრძნებები რიცხვებში ჯერ არ ჩანს და მის ასახვას თვეები სჭირდება. თუმცა ადასტურებს, რომ იანვარში ამ ტიპის სესხებზე გარკვეული შენელება დაფიქსირდა, თუმცა ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლინდა. საერთო ჯამში კი იპოთეკური სესხების მოთხოვნაზე ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

,,რიცხვებში ჯერჯერობით არ ჩანს. თებერვლის მაჩვენებლები არ მაქვს. თებერვლის მაჩვენებლებიც რომ მექნება, მაშინაც რეალურად რომ გითხრათ საბოლოოდ ვერ გეტყვით, რადგან განწყობა აისახება 3-4 თვეზე. პირველი კვარტალის შეჯამება რომ გვექნება, მაგის მერეც შევძლებთ თუ არა დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ეს დინამიკა გვაქვს და ან ზრდის ან შემცირების მიმართულებით მიდის, ძალიან მეეჭვება. გარკვეული შენელება იყო იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში. ზრდის ტემპი ნაკლები იყო შარშანდელთან შედარებით. რეალურად იზრდებოდა, მაგრამ ზრდის მაჩვენებელი შარშან უფრო მეტი იყო, ვიდრე წელს. მაგრამ ერთი თვის მაჩვენებლით არ უნდა ვიმსჯელოთ. მანდ მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი. იმოქმედა იმან, რომ ლარში საპროცენტო განაკვეთები დღეს ცოტა უფრო მაღალია, ვიდრე 3 თვის წინ იყო, თუ სხვა ფაქტორები იყო ეს ძალიან პირობითია. მაქსიმალურად ვერიდებით, თუ არ არსებობს რიცხობრივი დადასტურება და დინამიკის მაჩვენებელი ვერ ვიტყვით რომ ეს ასეა. დღეს ამის ნიშნები ამწუთას ცალსახად არ გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების მიმართულებით იყო შემცირებული მაჩვენებელი. ეს ჯერ საერთო სურათს ვერ ქმნის. ’’-განმარტავ ალექსანდრე ძნელაძე.