დემნა გვასალია ივლისიდან Balenciaga-დან Gucci-ს მოდის სახლში გადაბარგდება და იტალიურ ბრენდშიც კრეატიული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

Balenciaga-ში მის 10-წლიან მოღვაწეობაზე CNN-ი წერს: „თანამედროვე ფუფუნების ტენდენციები თავიდან განსაზღვრა და გლობალური აღიარება მოიპოვა, შემდეგ კი ეს ავტორიტეტი განამტკიცა“. ეს წარმატება რიცხვებში ნათლად გამოიხატება და კარგად ჩანს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ესპანურმა ბრენდმა ქართველის მისვლის დღიდან.

იმის მიუხედავად, რომ Kering Group-ი კონკრეტულად Balenciaga-ს ზუსტ შემოსავლებს არ ასაჯაროვებს, HSBC-ის გამოთვლებით, დემნა გვასალიას მისვლის პირველ წელს ბრენდის შემოსავალი 200 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს კი ამ თანხამ 1.76 მილიარდი ევრო შეადგინა. შესაბამისად, 6-წლიან პერიოდში კომპანიის მოგება თითქმის 9-ჯერ (8.8) გაიზარდა.

შედარებისთვის - Voguebusiness-ის მონაცემებით, Gucci-ს 2022 წელს 10.5 მილიარდი ევროს შემოსავალი ჰქონდა, 2024-ში კი ეს თანხა 7.65 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა მაინც ორჯერ მეტი იყო მის კონკურენტ „პრადას“ (3.56 მილიარდი) შემოსავალზე.

სოხუმში დაბადებული გვასალია, რომელიც, სხვათა შორის, დღეს (25 მარტი) 44 წლის გახდა, Gucci-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე საბატო დე სარნოს ჩაანაცვლებს - ბრენდს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ Balenciaga-სა და Gucci-ს ფლობს ფრანგული კონგლომერატი Kering-ი, რომლის CEO-მ, ფრანსუა-ანრი პინომ გვასალიაზე განაცხადა: „დემნას შემოქმედებითი ნიჭი და ძალა სწორედ ისაა, რაც Gucci-ს ყველაზე მეტად სჭირდებოდა“.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“