„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, რომლებიც "ქართული ოცნებისადმი" ლოიალობით გამოირჩევიან. ამის შესახებ „მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღინიშნება, რომ საგანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურისადმი, რომ მან პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების საქმე შეისწავლოს, მათი კრიტიკული განცხადებების გამო.
მ"ედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, რომლებიც “ქართული ოცნებისადმი” ლოიალობით გამოირჩევიან.
საგანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურისადმი, რომ მან პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების საქმე შეისწავლოს, მათი კრიტიკული განცხადებების გამო.
ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ.
მიმდინარე წლის 21 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეულმა წევრებმა იმსჯელეს მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე. ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ სარწმუნო ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირების ნაცვლად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა საბჭოს წევრებმა, მათ შორის თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ, გრიგოლ (გია) მურღულიამ, გიორგი კოხრეიძეძ, თამილა დოლიძემ, ბონდო მძინარაშვილმა, იზებელა ოსიპოვამ, გიორგი იაკობაშვილმა და სოსო სტურუამ, პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს. ივანიშვილი რეჟიმის ლოიალური საბჭო უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტები „ფინანსური ან პოლიტიკური ინტერესებით” მოქმედებდნენ. „შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ ყველაფერში მასონური ლოჟაა ჩარეული”- განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თამილა დოლიძემ.
ეს შემთხვევა არ არის იზოლირებული – ეს არის “ქართული ოცნების” მიერ გატარებული სისტემური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალი, დამოუკიდებელი და პროევროპელი ჟურნალისტების დევნას. “ქართული ოცნების” გავლენის ქვეშ მყოფი მმართველი პირების ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებულია ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ, რაც დადასტურებულია სხვადასხვა დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგებით.
არსებობს მრავალი შემთხვევა, მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტების ჩვენებები, რომლებიც ააშკარავებენ მაუწყებლის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ პოლიტიკას. ევროპარლამენტი მოითხოვს სანქციების დაწესებას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძისა და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის მიმართ პროპაგანდის გავრცელებასა და რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია, რომ უწყვეტ აქციებთან ერთად, მიმდინარეობს პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ მაუწყებელმა შეასრულოს თავისი მისია, უზრუნველყოს სათანადო გაშუქება და ხალხის ხმის საზოგადოებამდე მიტანა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის, და სწორედ ამ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში რწმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ეს ჟურნალისტები აგრძელებენ პროფესიული სტანდარტების დაცვას და ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას საზოგადოებრივი მაუწყებლის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), აქტიურად ჩაერთოს არსებულ სიტუაციაში. მიუღებელია, რომ EBU-ს წევრი მაუწყებლის ხელმძღვანელობა დევნიდეს კოლეგებს პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო და პროპაგანდას და დეზინფორმაციის გამავრცელებელი იყოს," - წერია განცხადებაში.