მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ გლობალურ ქსელს აფართოებს და რუკაზე პირველ წერტილად თბილისს ნიშნავს.
29 მარტს, თბილისში Barca Store Georgia გაიხსნება, რომელიც საზღვარგარეთ კატალონიური კლუბის პირველი ოფიციალური მაღაზიაა.
„ბარსა“ მაისურების გაყიდვის მხრივაც ლიდერობს: 2023 წელს კლუბმა €179 მილიონის ღირებულების მაისურები გაყიდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
"ბარსელონას" ესპანურ მაღაზიებში მაისურის ღირებულება 119.90 ევროდან იწყება, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მაისურები გაცილებით ძვირად ფასობს. მაგალითად, ლიონელ მესის მაისური, რომლითაც მან „ბარსელონას“ რიგებში მე-500 გოლი გაიტანა, 2022 წლის მაისში აუქციონზე 450,000 დოლარად გაიყიდა.
Barca Store Georgia-ს დამფუძნებელი, დავით ზაქარიაძე „კომერსანტთან“ ჰყვება, რომ პროექტზე მუშაობა დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყეს. ყველაზე დიდი გამოწვევა კი კლუბის წარმომადგენლების ადგილობრივი ბაზრით დაინტერესება იყო.
„ჩვენი კომპანია ძალიან დივერსიფიცირებული ბიზნესის მფლობელია. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი ხანია ესპანეთში ვცხოვრობ, თითქმის ყველა ბიზნესში გვყავს ესპანელი პარტნიორები. როგორც იცით, რეგიონში, პირველი "აუთლეთ სოფელი" თბილისში იხსნება, რომელშიც შეგვყავს კიდევ რამდენიმე ესპანური ბრენდი, მოლაპარაკების პერიოდში "აუთლეთის" ერთ-ერთმა პარტნიორმა, გუგა ცანავამ, "ბარსელონას" ოფიციალური მაღაზიის შემოტანის იდეა მოგვაწოდა, რაზედაც დავიწყეთ მუშაობა და ხანგრძლივი დროის შემდეგ, დაახლოებით 3 წლის თავზე ვხსნით მსოფლიოში პირველ მაღაზიას ესპანეთის ფარგლებს გარეთ.
მთავარი გამოწვევა, ალბათ ქართული ბაზრით დაინტერესება იყო, შემდეგ ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანა, ასევე ინვესტიცია. ჯერ კონრაქტზე ხელი არ გვქონდა მოწერილი, მაგრამ ძალიან ძვირი დაგვიჯდა კვლევები, ანალიტიკა, დელეგაციების ჩამოსვლები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სირთულეები იყო, კადრების მხრივაც, განსაკუთრებით მაღალი რგოლის მენეჯმენტში, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბრენდი მაინც თავისას შვება, ახლა კი ყველას უნდა ჩვენთან მუშაობა",- აღნიშნა ზაქარიაძემ.
დავით ზაქარიაძის თქმით, გარდა ფინანსური ინტერესისა, უდიდესი მოტივაცია საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სიყვარული იყო.
„არ შეიძლება ასეთი პროექტი მხოლოდ სპორტული ბიზნესი იყოს, თუ მისი სიყვარული არ გაქვს. რაღაც წინააღმდეგობების შემდეგ ალბათ, გავჩერდებოდი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ზუსტად ამ სიყვარულის გამო გავედით ".
პ.ს „კომერსანტის“ ინფორმაციით, Barca Store Georgia-ს პროდუქციის ფასებს თავად „ბარსელონა“ დაარეგულირებს.