ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმ წესებით ჩატარდება, როგორითაც 2017 წლის არჩევნები ჩატარდა, 2021 წელს მიღებული წესები კი გაუქმდა.

შეგახსენებთ, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4%-იანი ბარიერით ჩატარდება, ისევე როგორც 2017-ში. ამ კანონის მიღებამდე მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას  საარჩევნო ბარიელი 4%-დან 2.5% (თბილისი) და 3%-მდე (სხვა მუნიციპალიტეტები) შემცირდა. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტ მარკ ქულსის მიმართვის საფუძველზე, ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აძლიერებს ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარულ კომპონენტს, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მმართველი პარტიის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას.

"მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ევროპული სტანდარტები ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემას არ არეგულირებს, ეს ცვლილებები, ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს. მეტიც, მათ შეიძლება ძირი გამოუთხარონ საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში ხმის უფლებამოსილების სამართლიან განაწილებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით", - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, 2024 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გაუქმდეს:

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები:

  • 2024 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმება;
  • საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე, საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საზღვრების დელიმიტაცია მიუკერძოებელ ორგანოს უნდა დაევალოს

დამატებითი რეკომენდაციები:

  • საქართველოს საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი გადახედვის შემდეგ უნდა შევიდეს, რაც ყოვლისმომცველ რეფორმას უზრუნველყოფს და არა ხშირ და ფრაგმენტულ შესწორებებს, ასევე, დაცული უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპი;
  • საარჩევნო კოდექსის მსგავსი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღწეული ფართო კონსენსუსის შემდეგ. ასევე, უნდა ითვალისწინებდეს მსგავსი კანონმდებლობის სრულად და კეთილსინდისიერად განხორციელების პოლიტიკურ ვალდებულებებს, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებითა და საშუალებებით აღნიშნული კანონმდებლობის ნებისმიერი სახით შეუსრულებლობის დროული შეფასებისთვის.