დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისახავს მიზნად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, პასუხისმგებლობის გამკაცრების საჭიროება იმ გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა კვლავ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა.

„ეს კი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას მოითხოვს. წარმოდგენილი კანონპროექტით, ჩვენი მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები, ანუ ისეთი ფაქტები, რომლებიც კანონის ფარგლებში არ ექცევა. აქცენტი კეთდება ძირითადად სამასალე მერქნის უკანონო დამზადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ასეთ შემთხვევებს ძირითადად სუფთა კომერციული ხასიათი აქვს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ეს შემთხვევები. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობა გაგვემკაცრებინა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ცვლილებები შედის სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის მუხლში. შესაბამისად, პროექტის მიხედვით, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის სახერხი, ან/და თერმული დამუშავების დანადგარის, ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

კოდექსს ემატება ახალი მუხლი - სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსება. ცვლილება მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის განთავსებისთვის და ა. შ.

მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტით ადგილობრივი მოსახლეობა არ იზღუდება ისარგებლონ საშეშე თუ სამასალე მერქნული რესურსით იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც მათ აქვთ. კერძოდ, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყოველწლიურად გარკვეული საშეშე მერქანი გამოეყოფა - ბარში ეს არის 7 კუბური მეტრი, მთაში - 15 კუბური მეტრი. მისი თქმით, მოსახლეობა სტანდარტულად, როგორც დღემდე, მომავალშიც დადგენილი წესით გააგრძელებს საშეშე მერქნით სარგებლობას.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ნინო თანდილაშვილმა ასევე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტები: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მისი ინფორმაციით, ამ კანონპროექტების შემუშავება განაპირობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებამ და ასევე საქართველოს წევრობამ ენერგეტიკულ გაერთიანებაში.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღებით სამართლებრივი საფუძველი შეიქმნება საქართველოში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის შექმნისა და სისტემის ფუნქციონირების დეტალური მოწესრიგებისათვის. ამასთან, შესრულდება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების მოთხოვნები გავრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს