საგაზაფხულო საბანკო პანიკის პიკზე ამერიკულ ბანკ First Republic-ის მეანაბრეებმა თავიანთი დეპოზიტების ნახევარი გაიტანეს. გარე დახმარების გარეშე ბანკს გადარჩენა გაუჭირდება. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
შეერთებული შტატების ერთ-ერთმა პრობლემურმა რეგიონულმა ბანკმა, First Republic Bank-მა (სან-ფრანცისკო), რომელიც ქვეყნის საბანკო სისტემაში აქტივების მიხედვით მე-14 ადგილს იკავებს, 2023 წლის პირველი კვარტალის ანგარიში წარადგინა. ინვესტორები ბანკის შედეგებს აქციების გაყიდვით შეხვდნენ, 25 აპრილს კვოტები თითქმის 30%-ით დაეცა.
ბანკში დეპოზიტები კვარტალში 176,4 მილიარდი დოლარიდან 104,5 მილიარდ დოლარამდე ანუ 41%-ით შემცირდა, გასული წლის ბოლოსთან შედარებით. შედეგი მოსალოდნელზე უარესი აღმოჩნდა: FactSet-ის ანალიტიკოსებმა დეპოზიტების მოცულობა 145 მილიარდ დოლარად შეაფასეს, მეტიც, დეპოზიტების ნახევარი სადეპოზიტო სერტიფიკატებია, საიდანაც 30 მილიარდი არის ფული, რომელიც აშშ-ს უმსხვილესი ბანკების - მათ შორის Citigroup-ი და JPMorgan Chase-ის მიერ First Republic-ის გადასარჩენადაა გამოყოფილი. ბანკის მოგებამ 269 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მესამედით ნაკლებია წინა წელთან შედარებით - წერს გამოცემა.
Forbes-ი წერს, რომ ბანკი ხარჯების შემცირებას აპირებს. მეორე კვარტალში გეგმავს, რომ გაათავისუფლოს თანამშრომლების 20-25%, შეამციროს ხარჯები საოფისე ფართებზე და შეამციროს მენეჯერების ანაზღაურება.
მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოდან აპრილის ბოლომდე ბანკიდან დეპოზიტების გადინება შენელდა, დეპოზიტების მოცულობა მხოლოდ 1,7%-ით შემცირდა, ბანკის ფორმაში მოყვანას დიდი შრომა დასჭირდება. ამას რბილად აღიარებს დევიდ სმიტი, Autonomous Research-ის ანალიტიკოსი.
ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი ბანკის გარდაუვალ კოლაფსზე, მაგრამ ბანკს ძალიან გაუჭირდება გარე დახმარების გარეშე გადარჩენა, განსაკუთრებით Fed-ის ამჟამინდელი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით, წერს Forbes-ი.
აშშ-ის რეგიონულ ბანკებს სერიოზული პრობლემები მარტის დასაწყისში შეექმნათ. 10 მარტს აშშ-ს სიდიდით მე-16 ბანკი - Silicon Valley Bank-ი გაკოტრდა. SVB-ის გაკოტრებიდან მალევე, მეორე ბანკმა - Signature-მა გამოაცხადა დახურვის შესახებ. საბანკო ბაზარზე პანიკა დაიწყო, რასაც თან ახლდა დეპოზიტების გადინება და საკრედიტო ინსტიტუტების საბირჟო კვოტების კოლაფსი. ფედერალურ სარეზერვო სისტემას (The Fed) დიდი ძალისხმევის გაღება მოუწია საშუალო ზომის რეგიონული ბანკების გადასარჩენად. SVB-ის დაშლის შემდეგ, ამერიკულმა ბანკებმა მარეგულირებლისგან 300 მილიარდ დოლარზე მეტი ისესხეს, რის შემდეგაც დაძაბულობა განიმუხტა. საბანკო სისტემა რჩება ძლიერი და გამძლე, - განაცხადა აშშ-ს ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭომ 25 მარტს.
მარტის ბოლოს JP Morgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დიმონმა განაცხადა, რომ საბანკო კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და მისი შედეგები წლების განმავლობაში დარჩება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები არ ჰგავს იმას, რაც მოხდა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
Standard Chartered-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ უინტერსმა ასევე გააფრთხილა საბანკო სექტორი პოტენციური რისკების შესახებ. მისი აზრით, Fed-ის განაკვეთის მკვეთრი გამკაცრების შემდეგ აშშ-ს საბანკო სისტემაში მრავალი პრობლემა გაჩნდა და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მომავალში „კრიზისის ამა თუ იმ ფორმით“ გამოვლინდეს.