გაცილებით სერიოზული პრობლემაა პლასტმასი გერმანიაში დღესაც, მაგრამ იქაც არ გაუკეთებიათ ასე – ერთიანად არ აუკრძალავთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ფასები გერმანიისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, გაძვირებულ პროდუქციას კი გერმანელი მომხმარებელი უფრო მარტივად აიტანდა, ვიდრე ქართველი მომხმარებელი. საქართველოში პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ხალხზე გადაიტანონ ეს ტვირთი?“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.
მას მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც პირველი ივლისიდან იკრძალება კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, 2027 წლის 1 თებერვლიდან კი, აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
„ოცნების“ მიერ დაანონსებული ფასების კლების დაპირების სანაცვლოდ, რამდენად გაძვირდება წყალი? – „ბათუმელებმა“ ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო სოსო, როგორ აისახება პლასტმასის ბოთლების მინის ბოთლებით ჩანაცვლება ფასზე – სავარაუდოდ რამდენით გაძვირდება წყალი და სხვა სასმელები?
ზოგადად, პლასტმასის გამოყენება დაინერგა იმიტომ, რომ ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სხვა ალტერნატივა – შუშის ან მეტალის. რასაკვირველია, პლასტმასი მეტად საზიანოა, შუშა უკეთესია, როგორც გაზიანი, ისე უგაზო სასმელისთვის, მაგრამ პლასტმასი უფრო იაფია. ამიტომაც, დაინერგა ამდენი ხანია პლასტმასი და გამოიყენება აქტიურად.
ეს პრობლემა საიდან მოიტანეს, არ ვიცი. ფაქტია, რომ საქართველოსთვის ეგ არ არის ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა. ევროპაშიც კი იყენებენ წყალს პლასტმასის ბოთლებში. გერმანიაში ვცხოვრობდი, ასევე პოლონეთში ბოლო ერთი სემესტრი და იქაც იყენებენ პლასტმასს. ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა არის პლასტმასის ბოთლების უტილიზაცია – აბარებენ ამ ბოთლებს, ამუშავებენ და იღებენ ახალ პროდუქტს.
ამ ხელისუფლებას არასდროს ამაზე არ უმუშავია, არაფერი არ გაუკეთებია პრაქტიკულად იმისთვის, რომ პლასტმასის უტილიზაცია მომხდარიყო. გადამუშავებული პლასტმასის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთან არის რამდენიმე პატარა კომპანია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს მიდგომა არ არის სისტემური, როგორც ეს არის ევროპის ქვეყნებში.

სოსო ბერიკაშვილი
ასე ერთი ხელის მოსმით პლასტმასის აკრძალვა, ცალსახად გამოიწვევს ყველაფრის გაძვირებას – ეს იქნება „ბორჯომი“, ჩვეულებრივი წყალი, რომელიმე სხვა გაზიანი წყალი, ლუდი, თუ ასე შემდეგ. რაც ბოთლში ისხმება, გაძვირდება.
უფრო იაფი რომ ღირდეს შუშა, ისედაც შუშას გამოიყენებდნენ.
- თქვენი აზრით, რა გახდა „ოცნების“ ამ გადაწყვეტილების რეალური საფუძველი? სოფლის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასია.
წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიტანეს ეს საკანონმდებლო ცვლილება და რატომ გადაწყვიტეს ამის გაკეთება. „ოცნება“, ერთი მხრივ ლაპარაკობს იმაზე, რომ ფასები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში და მეორე მხრივ, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ, ეგრევე გაზრდის ფასებს.
ვფიქრობ, შეიძლება შეცვალონ ეს გადაწყვეტილებაც და თქვან, მაგალითად, რომ აი, 20 ლიტრამდე კი არა, 5 ლიტრამდე იქნება შეზღუდვა, ან რაღაც, როგორც აკეთებენ ხოლმე, სინამდვილეში კი, პრობლემა მაინც პრობლემად რჩება.
გასაგებია, რომ ეკოლოგია მნიშვნელოვანია და პლასტმასი არის პრობლემა, მაგრამ სხვა რაღაც უნდა მოიფიქრო პრობლემასთან ბრძოლისთვის და არა პირდაპირ აკრძალვა: ეგ აკრძალვა გამოიწვევს ფასების ზრდას. „ოცნება“ ამბობს, რომ ფასები არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, რადგან საქართველოს მოსახლეობა არის ღარიბი, შემოსავლები არის ნაკლები და ფასები არის ყოველთვის ყველა გამოკითხვით მთავარი პრობლემა.
გაცილებით სერიოზული პრობლემაა პლასტმასი გერმანიაში დღეს, მაგრამ იქაც არ გაუკეთებიათ ასე – ერთიანად არ აუკრძალავთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ფასები გერმანიისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა და გაძვირებულ პროდუქციას გერმანელი მომხმარებელი უფრო მარტივად აიტანდა, ვიდრე ქართველი მომხმარებელი. საქართველოში პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ხალხზე გადაიტანოს ეს ტვირთი?
პლასტმასის ნარჩენები ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის ბევრი გზა არსებობს და არაფერი არ გაუკეთებიათ, რომ მოგვარებულიყო პრობლემა.
- რეციკლიზაციაზე საუბრობდა დღეს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე აკრძალვაო.
დიახ, ამას ვგულისხმობ მეც. შეიძლება, ეს არც იყოს მომგებიანი, ხარჯიანი იყოს ბიზნესისთვისაც, მაგრამ როცა პლასტმასს კრძალავ, ეს ხომ პირდაპირ უზრდის ხარჯს ბიზნესს? არჩევანი მაგის მიხედვით უნდა გაკეთებულიყო და არა იმით, რომ რაღაც კვლევა გამოაგდო და თქვა: უი, პრობლემა არის პლასტმასი. კი, პრობლემაა, მაგრამ გადაჭრის გზა მაინცა და მაინც ეს რატომ არის? ეს თავისთავად ბიზნესისთვის ხარჯია – ეს ხარჯი მერე გადადის მომხმარებელზე.
ამიტომაც, ვამბობ: იქნებ, პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნების გახსნა უფრო იაფი ჯდებოდა? გვითხრა ეგ ვინმემ? ეს ახსნა და დაასაბუთა ვინმემ?
წესით არ უნდა აწყობდეს „ოცნებას“ ეს გადაწყვეტილება და დანარჩენი მართლა კონსპირაცია, რატომ შეიძლება აწყობდეს.
- რამდენი პროცენტით შეიძლება გაზარდოს პროდუქტის ფასი პლასტმასის ბოთლების აკრძალვამ?
ძნელია შეფასება კონკრეტული მონაცემების გარეშე. 20%-ითაც რომ გაძვირდეს, სერიოზული პრობლემაა ხალხისთვის – ისედაც ყველაფერი ძვირია.
გარდა ამისა, წყალი არის სასიცოცხლო და იმასაც გვიკრძალავენ ფაქტობრივად – გვიძვირებენ და ალტერნატივა არ არის.
იგივე ევროპის ქალაქებში – რომელსაც ზოგჯერ თუ მოუნდებათ მაგალითად მოჰყავთ – არსებობს წყლის ფანტანები, სადაც წყალს დალევ. თბილისში იცით სადმე ასეთი ადგილი? იმის თქმა მინდა, რომ ალტერნატივის გარეშე ხარ. იძულებული ვიქნებით, გაძვირებული წყალი დავლიოთ. წყალი ხომ არ არის ფუფუნება – წყალი აუცილებლად უნდა დალიო.
- კომპანიამ „წყალი მარგებელი“ გაავრცელა დღეს განცხადება, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცავს რისკებს ბიზნესისთვის. რა სახის რისკი შეიძლება გაუჩნდეს ბიზნესს?
ბიზნესის რისკი გულისხმობს იმას, რომ შეიძლება გაკოტრდეს კიდეც: ვეღარ გაყიდოს „წყალი მარგებელმა“ ის „ნაბეღლავი“ შუშის ბოთლებში და ვეღარ იმუშაოს. ეგ რომ გაკოტრდეს, მერე კიდევ ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩება. ერთია, რომ გაძვირდება, მაგრამ მერე ამ გაძვირებულს თუ ვერ იყიდის მომხმარებელი, ბიზნესსაც ექმნება პრობლემა. ეგ არაპოპულარულია ხალხში, რომ ბიზნესის მხრიდან ილაპარაკო, მაგრამ იქ ხალხია დასაქმებული. იმ ბიზნესმენმა თუ ვერ გაყიდა თავისი პროდუქცია, შეექმნება პრობლემა. იგივე ეხება „კოკა-კოლას“ და სხვებს.
გარდა ამისა, მინის ბოთლსაც სჭირდება დამუშავება, გარეცხვა და ასე შემდეგ, მაგისთვისაც არ ვართ მზად. არ ვიცი, ერთ წელიწადში რამდენად ვიქნებით მზად.
იმის ხაზგასმა მინდა, რომ ნომერ პირველი პრობლემა ამ ეტაპზე ეს არ იყო. მეორე: პრობლემის გადაჭრის გზა არ არის აკრძალვა. პრობლემაა, მაგალითად, ქვეყანაში სიღარიბე, ავკრძალოთ ღარიბები? ეგ არის გამოსავალი?