რუსეთის გენერალურმა შტაბმა 2022 წლის დეკემბერში შექმნა გასაიდუმლოებული სტრუქტურა, რომლის დანიშნულებაც რუსეთის ფარგლებს გარეთ კრემლის მოწინააღმდეგეების ლიკვიდაცია და გატაცება იყო.
ამის შესახებ წერენ გერმანული ყოველკვირეული ჟურნალი Der Spiegel და საგამოძიებო გამოცემა The Insider რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ახალი ქვედანაყოფი, რომელიც ცნობილია როგორც „ცენტრი 795“ ან სამხედრო ნაწილი 75127, ჩაფიქრებული იყო სრულიად ავტონომიურ ერთეულად, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურებზე, მისი ხელმძღვანელობა კი პირდაპირ დაექვემდებარებოდა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ან მის მოადგილეს.
ცენტრის დაკომპლექტებისთვის ოფიცრებს არჩევდნენ ФСБ-ს რიგებიდან (მათ შორის სპეციალური დანაყოფებიდან „ალფა“ და „ვიმპელი“) და ბელარუსის КГБ-დან. მთლიანობაში ქვედანაყოფში დაახლოებით 500 ადამიანი შევიდა. სპეციალისტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის ასეთ უწყებათაშორის თანამშრომლობას უპრეცედენტოს უწოდებენ. განსაკუთრებული როლი ითამაშეს გენერალ ანდრეი ავერიანოვის გარემოცვის ოფიცრებმა. ავერიანოვი ადრე ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ГРУ-ს ქვედანაყოფ 29155-ს. ცენტრი 795-ის ხელმძღვანელად დაინიშნა „ალფას“ ყოფილი წევრი დენის ფისენკო.
ქვედანაყოფის შტაბ-ბინა მდებარეობს კონცერნ „კალაშნიკოვის“ სასწავლო ცენტრში, პარკ „პატრიოტის“ ტერიტორიაზე ქალაქ კუბინკაში. დაფინანსებას უზრუნველყოფენ „კალაშნიკოვის“ თანამფლობელი ანდრეი ბოკარევი და სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკის“ ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზვოი - ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი და ყოფილი თანამშრომელი. სამხედრო ხელფასების გარდა რიგითი ოფიცრები თვეში იღებენ 500 ათას რუბლამდე (6,3 ათასი დოლარი), ხოლო ხელმძღვანელები - 3 მილიონ რუბლამდე (37,5 ათასი დოლარი).
თავდაპირველად ცენტრი შეიქმნა უკრაინაში ოპერაციებისათვის, - სარდლობის პუნქტებზე დარტყმებისა და სამხედრო თუ პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციისთვის, - თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები ვერ მიიღო. მოგვიანებით მისი ამოცანები გაფართოვდა და მან მოიცვა როგორც საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ობიექტები, ასევე ემიგრაციაში წასული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.
როგორც The Insider-ი წერს, ერთ-ერთი უცხოური ოპერაცია სრული ჩავარდნით დასრულდა. ცენტრის ოფიცერს დენის ალიმოვს დაევალა ახმედ ზაკაევის - ლონდონში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნათესავების გატაცების ორგანიზება. შემსრულებლად ალიმოვმა მიიზიდა აშშ-ი მცხოვრები სერბი დარკო დუროვიჩი. რადგან მათ არ იცოდნენ ერთმანეთის ენები, ამიტომ მთელი მიმოწერა მიმდინარეობდა პროგრამა Google Translate-ის მეშვეობით.
აშშ-ის FBI-მ სასამართლოსგან მიიღო ნებართვა თარგმნების ისტორიის წვდომაზე და რეალურ დროში აკვირდებოდა მთელ მიმოწერას. დუროვიჩი 2025 წლის მარტში აშშ-ში დააკავეს, ხოლო ალიმოვი თებერვალში - ბოგოტას აეროპორტში (ის ახლა ექსტრადიციის მოლოდინშია). ალიმოვს ბრალად ედება მკვლელობის ორგანიზება, გატაცების მიზნით შეთქმულება და ტერორიზმის დაფინანსება.