ნედლი ნავთობის ფასები სწრაფად იზრდება; აშშ გამალებით ხარჯავს თავის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს; ტრამპი პუტინთან მოსაზრებებს ცვლის ირანთან ამერიკის ომისა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შესახებ - კრემლი უკეთეს სცენარს ძნელად თუ წარმოიდგენდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიების ხელმძღვანელებთან კრემლში გამართულმა შეხვედრამ ვლადიმერ პუტინს კმაყოფილების მიზეზი მისცა: „ამჟამინდელ პირობებში, ენერგომიმწოდებლებს შორის კონკურენცია ძლიერდება, რამაც ნავთობისა და გაზის სტაბილური და პროგნოზირებადი მიწოდება უნდა უზრუნველყოს “, - განაცხადა მან „ბოროტი სიხარულის დიდი დოზით“, როგორც ამას „უოლ სთრით ჯორნალი“ აღნიშნავს: „პუტინმა არა მხოლოდ დარბაზში მყოფთ, არამედ ზოგადად ყველა მომხმარებელს შეახსენა, რომ სტაბილურობა არის ზუსტად ის, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდნენ რუსული ენერგეტიკული კომპანიები“.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, ბუნდოვნად გამოიყურებოდა კრემლის ლიდერის შანსები, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული დამანგრეველი და აგრესიული ომის დაფინანსება გაეგრძელებინა. ახლა პუტინს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს. ირანთან ომის დაწყებამდე ნედლი ნავთობის ბაზრებზე ფასების ვარდნის ტენდენციამ და კიევის წინააღმდეგ ომზე გაწეულმა უზარმაზარმა სამთავრობო ხარჯებმა შექმნა მოლოდინი, რომ მიმდინარე და მომდევნო წლებში რუსეთის საშუალო ეკონომიკური ზრდა 1 პროცენტი ან კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა. ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღების შედეგად, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრმა ზრდამ კი „რუსეთის ეკონომიკას - სულ მცირე, დროებით მაინც - ახალი იმპულსი მისცა “, - აანალიზებს „უოლ სთრით ჯორნალი“.

მიმდინარე ინფორმაცია აშშ-ირანის ომის შესახებ (გერმანულ ენაზე)

რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის თავის შემოსავლებს

უფრო მკაფიო კონტრასტი წარმოუდგენელია: გასულ წელს, რუსეთს შეეძლო, ერთი ბარელი ნედლი ნავთობი, საშუალოდ, 50 დოლარად გაეყიდა. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილურობისთვის, კრემლს მისი 59 დოლარად გაყიდვა სჭირდება. ამ კვირის დასაწყისში, ნედლი ნავთობის ფასი 120 დოლარამდე გაიზარდა, ოთხშაბათს, შუადღისთვის კი „ბრენტის“ ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 1 ბარელზე 90 დოლარზე ოდნავ ნაკლები შეადგინა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისთვის ეს ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია: „ნავთობის გლობალურ ბაზარზე ფასების ბოლოდროინდელი მატება რუსეთის შემოსავლებს ძალიან საჭირო ბიძგს აძლევს, - წერს მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინფორმირებული უცხოელი (BBC-ის) კორესპონდენტი, სტივ როზენბერგი, - ფასების ზრდა რუსეთს დაეხმარება, უკრაინის წინააღმდეგ გაღაჩებული ომის დაფინანსება გააგრძელოს“.

„რაც უფრო დიდხანს დარჩება ნედლი ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზე, მით მეტად შეივსება კრემლის საომარი ყულაბა“, - აღნიშნა როზენბერგმა. კიევის ეკონომიკური სკოლის საერთაშორისო პროგრამის დირექტორი, ელინა რიბაკოვა შიშობს, რომ ნავთობის გლობალური გაძვირება პუტინს მისცემს ფინანსურ ბერკეტებს უკრაინის ომში ახალი ფრონტების გასახსნელად ან დასავლეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გასაძლიერებლად. „თუ ნავთობზე ფასების ზრდის ეს ტენდენცია ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რუსეთი კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეეცდება ომის გაგრძელებას“, - შეშფოთებით განუცხადა მან „უოლ სთრით ჯორნალს“. თუ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი თავის დაპირებას შეასრულებს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეამსუბუქებს, რიბაკოვას თქ მით, ამით იგი მხარს დაუჭერს პუტინის ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიევსა და ევროპელებს დიდ ზიანს მიაყენებს.

რუსეთი ომში ირანს უჭერს მხარს

რუსეთი ირანს გადასცემდა თავისი თანამგზავრული დაზვერვის მონაცემებს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალების ადგილმდებარეობის შესახებ. ეს თეირანს საშუალებას აძლევს, ამერიკულ ობიექტებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმები განახორციელოს - რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის „სიენენმა“, „ნიუ იორკ თაიმსმა“, „ვაშინგტონ პოსტმა“ და „უოლ სთრით ჯორნალმა“, ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სამთავრობო წრეებზე დაყრდნობით, ერთხმად გაავრცელეს. როგორც აღნიშნული მედიასაშუალებები იუწყებიან, ირანში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი თეირანს ამერიკული საბრძოლო ხომალდების, ავიათვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო რესურსების ადგილმდებარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

თუმცა, ამ ცნობას აშშ-ში აჟიოტაჟი არ გამოუწვევია: ტრამპის მთავარმა მომლაპარაკებელმა, სტივ უიტკოფმა, ამერიკულ ტელეარხ CNBC-ზე გამოსვლასას, აღნიშნა, რომ რუსეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეგიონში ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის თეირანს სადაზვერვო ინფორმაციას მოსკოვი აწვდიდა. უიტკოფმა ასევე განმარტა, რომ ერთი დღით ადრე ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. „რუსებმა განაცხადეს, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ (ანუ, თანამგზავრული დაზვერვის მონაცემები თეირანისთვის არ გადაუციათ - რედ.)“. აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სიტყვასიტყვით დაამატა: „ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მათ სიტყვას. ორშაბათს დილით ჯარედს (კუშნერი, ტრამპის სიძე) და მე გვქონდა სატელეფონო საუბარი უშაკოვთან (კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი), რომელმაც იგივე გაიმეორა“.

დემოკრატი სენატორი: ირანთან ომი პუტინს ეხმარება

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი ირანის წინააღმდეგ, მით უფრო დიდია რისკი უკრაინისთვის, დასავლეთისა და აშშ-ისთვის. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილში, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ნათლად მიუთითებს ირანის წინააღმდეგ ტრამპისა და ნეთანიაჰუს მიერ დაწყებული ომის იმ უარყოფით შედეგებზე, რომლებიც შეიძლება უკრაინისთვის დადგეს - ეს ომი პუტინს ფინანსურ სამაშველო რგოლს აწვდის ისეთ რთულ დროს, როდესაც მისი ეკონომიკა ვარდნას განიცდის.

ამერიკელი სენატორი წერს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ნავთობი და გაზი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 30-50 პროცენტით ავსებდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსები, რომლებიც შეიძლებოდა უკრაინის თავდაცვის კამპანიისთვის ყოფილიყო გამოყენებული, ახლა ირანთან ომში იხარჯება. კერძოდ, უკრაინას ძალიან ესაჭიროება Patriot-ისა და THAAD-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და შესაბამისი რაკეტები, რომლებიც კიევისთვის უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი.

ტრამპის ადმინისტრაცია საპირისპირო მიმართულებით მიდის, აჯამებს ჯინ შაჰინი: „მთავრობა ამსუბუქებს სანქციებს და აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, თითქოს პუტინს ხელები უკვე ამერიკული სისხლითაც არ ჰქონდეს დასვრილი“.

წყარო: 1 არხი