ხელოვნური ინტელექტი ონლაინ ძიებას ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მიმართულებით ცვლის. ორივე მათგანი ცხოვრებას უმარტივებს მომხმარებლებს, მაგრამ სერიოზულ თავსატეხს უჩენს ბიზნესებს. დიდი ენობრივი მოდელები, როგორებიცაა ChatGPT და Microsoft Copilot, ნელ-ნელა ანაცვლებენ ტრადიციულ საძიებო სისტემებს. ადამიანები სვამენ კითხვას და უზარმაზარი ტექსტური ბაზიდან სინთეზირებულ, მზა პასუხს იღებენ. ამ დროს წყაროები და ბრენდები ან შერჩევითად არის მითითებული, ან – საერთოდ არა.

AI-ის რეკომენდაციები უფრო გავლენიანი ხდება

კომპანიები მილიარდებს ხარჯავენ რეკლამაში ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. მაგალითად, Procter & Gamble (P&G) აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეკლამისდამკვეთია, რომელიც წლიურად 9 მილიარდ დოლარამდე ხარჯავს ისეთი ბრენდების პოპულარიზაციისთვის, როგორებიცაა Pampers, Tide და Gillette. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს: ადამიანები რეკლამას უბრალოდ ითმენენ, ენდობით კი – რეკომენდაციებს ენდობიან.

გამოსავალი: გადახედეთ თქვენს სარეკლამო ბიუჯეტს. დარწმუნდით, რომ ყველა კონტენტში იყენებთ თანმიმდევრულ და სპეციფიკურ ტერმინოლოგიას, რათა LLM-ებმა ეს იდეები თქვენს ბრენდთან დააკავშირონ. კიდევ უკეთესია, თუ შექმნით კონცეფციებს, რომლებშიც თქვენი სახელი ფიგურირებს. გადაიტანეთ ბიუჯეტის ნაწილი AI-რეკომენდაციების არხებისკენ და განავითარეთ შიდა გენერაციული AI შესაძლებლობები. კამპანიებზე დაფუძნებული რეკლამიდან მუდმივ ექსპერიმენტებზე გადაერთეთ.

SEO და ვებსაიტის დიზაინი სულ უფრო კარგავს მნიშვნელობას

ტრადიციული ძიება მარტივ სქემას მიჰყვებოდა: მომხმარებელს შეჰყავდა კითხვა, ძრავა აბრუნებდა ვებსაიტების ჩამონათვალს, მომხმარებელი აკლიკებდა რამდენიმე ლინკს და პოულობდა პასუხს. ეს პროცესი ქმნიდა მომხმარებლის მოგზაურობის (Customer Journey) რამდენიმეეტაპიან გზას, სადაც ბიზნესებს შეეძლოთ თავის გამოჩენა ვებსაიტის დიზაინით, სასარგებლო სტატიებითა თუ შეფასებებით.

ახლა ეს სისტემა ინგრევა. როცა მომხმარებელი პროდუქტზე რეკომენდაციას AI ინსტრუმენტს ან Google AI Overviews-ს სთხოვს, ის იღებს სრულყოფილ, მზა პასუხს და არა ლინკების სიას. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, როცა ძიების შედეგებში AI რეზიუმე ჩნდება, მომხმარებლები ვებსაიტებზე მხოლოდ შემთხვევათა 8%-ში გადადიან, AI-ის გარეშე ეს მაჩვენებელი 15% იყო. ეს დაწკაპუნებების 47%-იანი კლებაა. ზოგიერთი გამომცემლისთვის კი ეს მაჩვენებელი საგანგაშოდ, 89%-ითაც კი დაეცა.

გამოსავალი: შეცვალეთ კონტენტის სტრატეგია. გააზიარეთ ორიგინალური მონაცემები, პირველადი გამოცდილება და გამოკვეთილი პოზიციები. დაურთეთ კონტენტს რეალური ექსპერტების სახელები და ბიოგრაფიები. შექმენით კონცეფციები, რომლებიც თქვენი ხედვის სავიზიტო ბარათი გახდება. წერეთ მარტივი, ციტირებადი ენით, რათა AI-მ მისი გადამუშავება მარტივად შეძლოს. წარმატება გაზომეთ არა მხოლოდ ტრაფიკით, არამედ იმითაც, არის თუ არა თქვენი ბრენდი ნახსენები AI-ის მიერ დაგენერირებულ პასუხებში.

მარკეტინგს ახალი აუდიტორია ჰყავს

როცა მომხმარებელი კითხულობს: „რომელია საუკეთესო საბუღალტრო პროგრამა მცირე ბიზნესისთვის?“, Claude მას სინთეზირებულ რეკომენდაციას სასაუბრო ფორმატში აწვდის და ლინკებზე გადასვლის საჭიროებას აქრობს. გამოდის, რომ პირველ შთაბეჭდილებას ახლა უკვე AI მართავს და არა მომხმარებელი, ტრადიციული მარკეტინგი კი ძალას კარგავს.

გამოსავალი: შექმენით სტრუქტურირებული კონტენტი: გამოიყენეთ ნაბიჯები და მკაფიო განმარტებები. დასკვნები ჩამოაყალიბეთ მარტივად. თქვენი ბრენდის ციტირება მარტივი უნდა იყოს – იქონიეთ მკაფიო პოზიციონირება და იყავით თანმიმდევრული ყველა პლატფორმაზე. იზრუნეთ, რომ თქვენი ბრენდი ხშირად ჩანდეს ინდუსტრიულ გამოცემებში, ინტერვიუებსა და კონფერენციებზე. წაახალისეთ მესამე მხარის შეფასებები, რადგან LLM-ები მნიშვნელობას სხვადასხვა წყაროში ინფორმაციის სიხშირისა და თანმიმდევრულობის მიხედვით ანიჭებენ.

წყარო: HBR;  www.marketer.ge