უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„მნიშვნელოვანია, ერთობლივმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა გააძლიეროს სიცოცხლის დაცვა და მოგვცეს საშუალება, უზრუნველვყოთ მეტი უსაფრთხოება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ხალხისთვის. შევთანხმდით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე. ეს, პირველ რიგში, ეხება იმ საკითხებს, რითაც შეგვიძლია თურქეთის მხარდაჭერა: ექსპერტიზას, ტექნოლოგიას და გამოცდილებას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არსებობს ფუნდამენტური პოლიტიკური მზაობა ერთად მუშაობისთვის და გუნდები დეტალებზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაასრულებენ.

„ჩვენ განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, ასევე გაზის საბადოების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა.მადლობელი ვარ პრეზიდენტისა და თურქი ხალხის ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის. ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ამ წლების განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ ჭეშმარიტად სერიოზულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ, მთელი ჩვენი რეგიონის გაძლიერება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

1tv.ge