ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რეალურად პროცესი იყო ინიცირებული, მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ექსპერტი თავად ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი.

„ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში, ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხზე. არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული. 

მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს. საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

„ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უმძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"თბილისი პასუხად „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს და „კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს“.

ანგარიში მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ფაქტობრივად ყველა ის ცვლილება/კანონი, რომლებსაც ადგილობრივი უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევდნენ და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები“.

ამასთან, იგი "რომის წესდებაზე" მითითებით წერს, რომ "წესდების" ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).

44-დან ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე სტრასბურგის სასამართლოსთვის ევროპული ქვეყნების მიერ „სახელმწიფოთაშორისი განაცხადით“ მიმართვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.