ქართული და ჩინური მხარე ეროვნულ ბანკსა და CIPS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის CIPS-ის გლობალურ ქსელში გაერთიანების საკითხებს განიხილავენ. საერთაშორისო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა CIPS-ი, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ 2015 წელს დაარსებული ავტორიზებული გადახდის სისტემაა. კომპანია სპეციალიზებულია იუანის საზღვრისპირა გადახდების კლირინგში.

რას მისცემს საქართველოს CIPS-ის გლობალურ ქსელთან წვდომა? საკითხზე ,,კომერსანტი“ ეკონომისტ დავით კიკვიძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, ეს ორ ქვეყანას სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაში დაეხმარება. დავით კიკვიძე მიიჩნევს, რომ ჩინურ საერთაშორისო ბანკთაშორის გადახდების სისტემაში გაწევრიანება წმინდა სავაჭრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ნაბიჯი დასავლელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან მოწონებული არ იქნება.

,,შეთანხმებაში შესვლა საქართველოსთვის ნიშნავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას. ევროპული ე.წ. შუამავალი ბანკები ჩინეთთან ურთიერთობას ვერ მიესალმებიან. საერთაშორისო გადარიცხვები ჩინეთთან საკმაოდ გართულებულია. საქართველო ჩინეთთან მეტ-ნაკლებად მყარ სავაჭრო ურთიერთობაში იმყოფება. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შევიდეთ საერთაშორისო ჩინურ შეთანხმებაში არის გადარიცხვების გამარტივება. რაც პოტენციურად მოგვცემს შესაძლებლობას ჩინეთში მარტივად ვაწარმოოთ ფულადი ნაკადები. ჩვენი საერთაშორისო და ევროპელი პარტნიორები ამას პოზიტიურად შეაფასებენ თუ არა? ალბათ მარტივი მისახვედრია. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას დასავლეთთან ძალიან გართულებული გვაქვს სიტუაცია და შესაბამისად, პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობა გვაქვს. თუმცა, მთლიანობაში წმინდა სავაჭრო თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია.“- აცხადებს დავით კიკვიძე.

ეკონომისტი განმარტავს, რომ CIPS-ის ქსელი SWIFT-ის  ჩამნაცვლებელი ფიზიკურად ვერ იქნება, რადგან SWIFT საერთაშორისო პროვაიდერია. CIPS-ი კი მხოლოდ აზიის გარკვეულ ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს.

,,გამორიცხულია, რომ ეს სისტემა SWIFT-ის  ჩამნაცვლებელი იყოს. ფიზიკურად ვერ იქნება. იმიტომ, რომ SWIFT არის საერთაშორისო პროვაიდერი. ჩინეთი კი მხოლოდ ლოკალურ, მაქსიმუმ აზიის გარკვეულ ბაზრებთან ურთიერთობასთან წვდომას გაგვიხსნის. SWIFT-ის ჩანაცვლება კატეგორიულად შეუძლებელია იმიტომ, რომ საერთაშორისო პროვაიდერია და ფაქტობრივად ერთადერთი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო გადარიცხვებს.“- განმარტავს დავით კიკვიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტს, ფუ ჰუანგს, 17 ივლისს შეხვდა. ეროვნულ ბანკში განმარტეს, რომ CIPS-თან თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებს და ტრანზაქციებს. ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში.

„CIPS-ი ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT-ი მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS-ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა - SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT - ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.