ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპი მის მდგრად დონეს დაუახლოვდა.
როგორც დავით უტიაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მართალია გასულ პერიოდთან შედარებით სესხების ზრდის ტემპი მცირედით შენელებულია, თუმცა ის თანხვედრაშია ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელ ტემპთან.
“ჩვენ არ ვხედავთ ამას როგორც შენელებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ის [დაკრედიტების ტემპი] დაუახლოვდა მის მდგრად დონეს. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ თუ სესხები იზრდება თანაზომიერად, როგორც იზრდება ჯამურად ნომინალური ეკონომიკა მას დამატებული დაახლოებით 2%, იმიტომ რომ ფინანსური სექტორი ყოველთვის უფრო ჩქარა იზრდება, ვიდრე დანარჩენი ეკონომიკა, დანარჩენს განსაზღვრავს ნომინალური ეკონომიკა. ნომინალური ეკონომიკის ზრდა ცოტა უფრო მაღალი იყო გასულ წლებში, ვიდრე ახლა არის, ახლაც ძალიან ძლიერია, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით მაღალი იყო, ამიტომ მაშინ გვქონდა შედარებით მაღალი საკრედიტო ზრდა.
ახლა 13-14% [დაკრედიტების ტემპი] ვფიქრობთ, რომ არის სწორედ ის მდგრადი დონე, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელს როგორც ეზრდება შემოსავალი, დაახლოებით ისევე გაიზარდოს მისი ვალის ტვირთი, ამიტომ ეს არის მდგრადი დონე, აქ რისკებს ვერ ვხედავთ. კომპოზიციას თუ შევხედავთ, იპოთეკური სესხების ზრდა ცოტა დაჩქარდა, სამომხმარებლო სესხების ზრდა კვლავ მაღალია, SME სექტორში შესაძლოა, აქტივობა არის ცოტა უფრო დაბალი და მისი წილი არის ცოტა უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით. თუმცა ამ კუთხით ბაზარი განსაზღვრავს ყველაფერს. ეროვნული ბანკის მანდატს გარკვეულწილად აღემატება, რომ ჩვენ ცალკეულ სექტორზე რაიმე შეღავათი დავაწესოთ ან ბანკებს რაიმე მოვუწოდოთ. ამას ბაზარი განსაზღვრავს, თუმცა, ცხადია, სასურველია ყოველთვის, რომ SME სექტორს ჰქონდეს კიდევ უფრო მაღალი ზრდის ტემპები”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
ცნობისთვის, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 73.39 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 504.46 მილიონი ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.22% შეადგინა.