ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში - „ბრენდი საქართველო“ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალის” უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ კომპანიის მისიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, „კრისტალის“ მიზანი არა მხოლოდ მეწარმეებისთვის ფულის მიცემა, არამედ მათი ინფორმაციული და ტექნოლოგიური გაძლიერებაა.
„კრისტალის“ არსებობის მისია არის მეწარმეობის გაძლიერება, არა მხოლოდ კაპიტალით, არამედ ცოდნითა და უნარებით. ახალგაზრდების გაძლიერება, სტარტაპების დაფინანსება, ქალი მეწარმეებისთვის ხელშეწყობა სწორედ ამ მიზანს უკავშირდება. „კრისტალი“ პირველი იყო, ვინც ამ მისიას მეცნიერულად მიუდგა, შევისწავლეთ არა მხოლოდ ბაზრის პოტენციალი, არამედ ის საჭიროებები, რაც მომხმარებლებს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან აკლიათ.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხელშეწყობა არაა მხოლოდ ფული, არამედ შესაძლებლობების მიცემაც. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მიკრომეწარმეს შესაბამისი ცოდნა არ აქვს, ის წარმატებას ვერ მიაღწევს.
ჩვენ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ვამჩნევდით, რომ მეწარმეობა ვითარდება, თუმცა ამ განვითარებას სხვადასხვა სიჩქარე აქვს. კორპორაციებსა და დიდ ორგანიზაციებს, ცხადია, განვითარების ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ, მათი განვითარება უფრო სწრაფად მიმდინარეობს. რაც უფრო მცირდება ბიზნესის მასშტაბები - მცირე, მიკრობიზნესი თუ საოჯახო ბიზნესი, იქ განვითარების მასშტაბები ნაკლებია“,- თქვა ილია რევიამ.
კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი განმარტავს, რომ გარდა ფინანსური წარმატებისა, „კრისტალის“ მიერ დაფინანსებული პროექტი სოციალური პასუხისმგებლობასაც უნდა იყოს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ქართული საფინანსო ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, დაფინანსების მხრივ პრობლემები მაინცაა. კაპიტალის გარდა, ძალიან დიდი პრობლემაა ტექნოლოგიების მხრივ. ამიტომ, „კრისტალი“ ცდილობს არა მხოლოდ ფინანსური კაპიტალი გასცეს, არამედ მეწარმეებს ასწავლოს, როგორ გამოიყენოს სწორად ეს ფინანსები.
ჩვენი მიზანია მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ნომერი პირველი ბანკი გავხდეთ. აქ იგულისხმება მიკრობანკთან ტრანსფორმაცია, ეს არის ახალი ტიპის ლიცენზია, რომელიც სულ ცოტა ხანში გააქტიურდება. ამის უკან, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინანსური ნაწილი არ არის. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ იმ ძირითად პრინციპებზე ოპერირება, რომელიც ითვალისწინებს კომერციულ წარმატებასა და გარემოსდაცვით მდგრადობას. ბიზნესები, რომლებსაც ვაფინანსებთ აუცილებლად სოციალური პასუხისმგებლობისაა“,- თქვა ილია რევიამ.