2020 წლიდან 2024 წლამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 40 მილიონი ლარით გაიზარდა - კორუფციის მკვლევრების ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს სუს-ის წარმომადგენლების ხელფასების ჯამურმა რაოდენობამ 125 მილიონი ლარი შეადგინა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე ფიქრობს, რომ ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება, რადგან მისივე განმარტებით, სუს-ი არა სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე ზრუნავს, არამედ საკუთარ მოქალაქეებს "უთვალთვალებს და უსმენს".
"2024 წელს მხოლოდ სუს-ის ხელფასები იყო 125 მილიონი. ამაში არ შედის მათი აღჭურვა ტექნიკურად, საწვავი, მივლინებები, მანქანები და ა.შ.. 125 მილიონი გადავუხადეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ იმისთვის, რომ გვდიოს, გვამოწმოს, ჩვენი ტელეფონები ისმინოს. იმის მაგივრად, რომ დაგვიცვას, სახელმწიფოს რისკები ააშორონ, პირიქით, უფრო უარეს მდგომარეობაშია ქვეყანა". - განაცხადა ბესო დონაძემ.
ამავე აზრს იზიარებს კორუფციის მკვლევარი, ბადრი ნიაური, რომელიც "პირველებთან" ყურადღებას ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შტატების გაზრდის შესახებ ამახვილებს.
"გაზრდილია, გაბერილია შტატები, რადგან სუს-ში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პირად კეთილდღეობას ემსახურებიან. ბევრი მოსმენებით და თვალთავლით არიან დაკავებულები. სიპებში და სამინისტროებში შტატები გაბერილია. რა თქმა უნდა, ეს არის შეუსაბამო". - განაცხადა ბადრი ნიაურმა.
"40-მილიონიანი ზრდა, როცა საქართველოში საშუალო ხელფასი საკმაოდ დაბალია, არაადეკვატურია და ჰგავს ფლანგვას" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ვადო მაჭავარიანი სუს-ში 40 მილიონი ლარით ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტის თანხები მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე იხარჯებოდეს, უაზროდ იფლანგება.
"40-მილიონიანი ზრდა, როცა საქართველოში საშუალო ხელფასი საკმაოდ დაბალია, არაადეკვატურია და ჰგავს ფლანგვას. მითუმეტეს მაშინ, როცა 40 მილიონის ფარგლებში შეიძლება სხვა ბევრი პრობლემების მიხედვა, რაც ქვეყანაში მართლა არსებობს. პირველი, რაც მომაფიქრდა, არის ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, რომელიც 9 წელია იგვიანებს. ან თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი, ავარიული სახლების რეაბილიტაცია". - ამბობს ვადო მაჭავარიანი.