ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

„ბოლო ორი თვეა აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური,  ინდუსტრიის ჩართულობით ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტს მოკლე ვადაში წარედგინება განსახილველად.

ორ-სამ კვირაში ოფიციალური ვერსია წარედგინება მთავრობას და შემდეგ მთავრობა წარუდგენს პარლამენტს.  ვფიქრობ, ამ კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხ წელზე მეტია ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, მოლოდინია, რომ პროცესი წელს დაიძვრება.