საქართველოში საკმაოდ ხშირია, როდესაც გამარტივებული შესყიდვა ტენდერის გვერდის ავლით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხდება. კორუფციული რისკების ასარიდებლად, პირდაპირი შესყიდვა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებულ შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს, ასეთს შესაძლოა წარმოადგენდეს ბუნებრივი კატაკლიზმები, ეპიდემია და სხვა.

ფლანგვის დეტექტორი გამარტივებული შესყიდვებით უკვე წლებია, იკვლევს, ასე მაგალითად: 

  • საგარეჯოს მერიამ 2023 წელს გიორგობის დღესასწაულისთვის პაატა გულიაშვილის „სახელოვნებო მომსახურება”, გამარტივებული შესყიდვით, 8,930 ლარად შეიძინა. 

  • 2023 წელს 26 მაისის ღონისძიებების აღსანიშნავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.7 მილიონი ლარი სწორედ გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა. ამ თანხის გამარტივებული გზით დახარჯვის შესახებ საქართველოს მთავრობამ განკარგულება 21 აპრილს გამოსცა. საჯარო უწყებამ განაცხადა, რომ ვინაიდან განკარგულება მხოლოდ 21 აპრილს გამოიცა, ტენდერის გზით შესყიდვების განხორციელება ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა.

  • უკვე მეორე წელია, შსს კვების მომსახურებას ტენდერების გზით აღარ ყიდულობს და ბოლო 1 წელში  1,170,150 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

  • საახალწლო კონცერტების გამარტივებული შესყიდვა არც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, არც უალტერნატივო მომსახურებას, თუმცა მხოლოდ 2023 წლის საახალწლო კონცერტებში თბილისის მერიამ 5 მილიონი ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯა. 5 მილიონამდე ლარი დახარჯა ფლანგვის დეტექტორის მიერ შესწავლილმა 28 სხვა მუნიციპალიტეტმაც.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2014 წლის შემდეგ გამარტივებული შესყიდვების წილი მცირდება, მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია. 2021 წელს მან 1,052,419,113 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შესყიდვების 18.5%-ს უდრიდა, ხოლო 2022 წელს ამ თანხამ 1,299,372,990 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შესყიდვების 17.6%-ს უდრიდა. საერთო ჯამში, 2013-2022 წლებში სახელმწიფო სტრუქტურებმა 10,579,687,165 ლარის გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვია.

შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2018 წელს სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ კონკურენტული ტენდერების შედეგად სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 10.6%-იანი ეკონომია ნახა. ამ მონაცემის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო 10 წელში დახარჯული მილიარდობით ლარიდან, ასეულობით მილიონის ეკონომია იქნებოდა შესაძლებელი, თუ გამარტივებული შესყიდვები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნებოდა გამოყენებული.

პოლონეთში 2014 წელს გამარტივებულმა შესყიდვებმა საერთო შესყიდვებში ღირებულების მიხედვით 5% შეადგინა, კონტრაქტების პირდაპირი გზით მინიჭებამ კი საერთო შესყიდვების 3 %, ანუ ჯამში 8%, მაშინ როდესაც 2014 წელს საქართველოში იგივე მაჩვენებელი 32%-ს შეადგენდა“, - აღნიშნავენ „ფლანგვის დეტექტორში“.