2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.5876-დან 2.5244-მდე (2.4%-ით) გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.7646-დან 2.7663-მდე (0.1%-ით) გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილის თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.4967 და 2.7441 შეადგინა. აპრილში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 2.5563, ხოლო მინიმალურმა 2.4967 შეადგინა.
აპრილში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო დონიდან თითქმის თანაბრად იყო გადახრილი.
აპრილში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს და ლარის გამყარება, მცირედით გამყარდა სომხური დრამიც. თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
„ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს. აპრილში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 18.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 30.2%- ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, აპრილში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.8%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.3%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
სავაჭრო პარტნიორთაგან აპრილში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-ში, ბელარუსსა და სომხეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი - რუსეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.