„საქართველო, ნელ-ნელა, მარა შეუქცევლად ისევ გახდა ადგილი, სადაც, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოსული. ხოლო სახელმწიფო, ისევ, ვიწრო ჯგუფის ხელში არსებული და მხოლოდ მისი ინტერესების გამტარებელი სუსტი ინსტიტუტი რჩება. ძალიან სამწუხაროა ეს“ - ამის შესახებ ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გოგა ხიშტოვანი ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„გამაოგნებელი ისტორია. მრავალი მიზეზის გამო:• დავიწყოთ მარტივით. მოსაზღვრე ქვეყანა, სავარაუდოდ, რუსეთია.• ფულის გათეთრების მასშტაბი არის გასაოცარი; როგორც განცხადებიდან ჩანს, ეს ამბავი 2022-2024 წლებში ხდებოდა. 2022-ის დასაწყისში, მთლიანი დეპოზიტების ოდენება საბანკო სექტორში იყო 36,8 მილიარდი ლარი; 2024 წლის ბოლოს - 58,2 მილიარდი ლარი. ანუ, საშუალოდ, ამ პერიოდში, დეპოზიტების ოდენობა იყო 47,5 მილიარდი ლარი. ამ დროს, გათეთრებული ფულის ოდენობა, მაშინდელი (სამი წლის) საშუალო კურსის მიხედვით გამოდის 1,84 მილიარდი ლარი. ანუ, წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა, აღნიშნულ პერიოდში, მთლიანი საბანკო სექტორის დეპოზიტების 3,9% გაათეთრა!!! აქ პირველი დიდი კითხვა ისმის, ამ მასშტაბის სქემის არსებობა როგორ არ მოხვდა არავის თვალში (ზედამხედველს, საბანკო სექტორს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, სამართალდამცავებს ან ვინმე სხვას). • როგორც განცხადებიდან ჩანს, ვალუტის გადამცვლელმა პუნტქმა 3 წელიწადში გაყალბებულ საბუთებში დააფიქსირა 1,84 მილიარდი ლარის გადახურდავების ოპერაციები. ანუ, გამოდის, რომ ეს პუნქტი დღეში ფიქტიურად ახურდავებდა 1,7 მილიონ ლარს, ანუ, დაახლოებით 700 ათას დოლარს. ამ ბიზნესის საშუალო დღიური ბრუნვების შესახებ დეტალები არ ვიცი. მარა, ინტუიტიურად, უკვე ის გარემოება, რომ გადამცველი პუნქტი, 3 წელი, ყოველ დღე, 1,7 მილიონი ლარის დოლარს და ევროს ახურდავებს, ძალიან საეჭვო მეჩვენება. აქაც იდენტური კითხვა მიჩნდება. როგორ არ მოხვდა არავის თვალში ამ გაყალბებული დოკუმენტაციის და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე გათეთრებული თანხის წარმომავლობას საეჭვო ხასიათი.• ჩემი აზრით, ეს ჩანაწერიც მრავლისმეტყველია: „დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.“ წელს სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ გაუჭირდა. შესაბამისად, მისი ინოვაციური ხერხებით შევსების საჭიროებაც დადგა. მეორე კვარტალში, ეროვნულმა ბანკმა ითავა ეს როლი და 670 მილიონი ლარით შეავსო სახელმწიფო ბიუჯეტი, როდესაც საკუთარი მოგებიდან დივიდენდები გადაურიცხა მთავრობას. ახლა, მე-3 და მე-4 კვარტალში, სავარაუდოდ ამ ჩამორთმეული ფულით შეივსება ბიუჯეტი ასეული მილიონი ლარით. როგორც იტყვიან ხოლმე, ფულს სუნი არ ასდისო. საბოლოო ჯამში, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრიდან. საქართველო, ნელ-ნელა, მარა შეუქცევლად ისევ გახდა ადგილი, სადაც, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოსული. ხოლო სახელმწიფო, ისევ, ვიწრო ჯგუფის ხელში არსებული და მხოლოდ მისი ინტერესების გამტარებელი სუსტი ინსტიტუტი რჩება. ძალიან სამწუხაროა ეს“ – წერს ხიშტოვანი.