საინვესტიციო ბანკ Bernstein-ის შეფასებით, პროგნოზების ბაზარი (Prediction Markets) მომდევნო წლების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური მიმართულება გახდება და 2030 წლისთვის მისი წლიური სავაჭრო მოცულობა შესაძლოა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, სექტორი ნიშური პლატფორმებიდან სრულფასოვან საინფორმაციო და რისკ-მენეჯმენტის ბაზრად გარდაიქმნება.
დღეს ბევრი ადამიანი Prediction Market-ს სპორტულ ფსონებთან აიგივებს, თუმცა რეალურად ეს მოდელი ბევრად ფართოა. მსგავს ბაზრებზე უკვე იდება კონტრაქტები პოლიტიკურ არჩევნებზე, საპროცენტო განაკვეთებზე, ინფლაციაზე, კრიპტოაქტივებზე, ეკონომიკურ რეცესიაზე და კორპორაციულ მოვლენებზეც. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომავალში სწორედ ეკონომიკური და ბიზნეს თემატიკის კონტრაქტები გახდება მთავარი ზრდის წყარო.
Bernstein-ის მიხედვით, 2025 წელს სექტორის მოცულობა დაახლოებით 51 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2026 წელს შესაძლოა 240 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი ექსტრემალურად მაღალი ტემპით ფართოვდება და ფინანსური სექტორის ყურადღებას აქტიურად იპყრობს.
Prediction Market-ის მთავარი ღირებულება მხოლოდ გართობა არ არის. კომპანიებს შეუძლიათ მსგავსი მექანიზმების გამოყენება გაყიდვების პროგნოზირებისთვის, ახალი პროდუქტის წარმატების შესაფასებლად, არჩევნების ან რეგულაციების ბიზნესზე გავლენის დასათვლელად, ნავთობის, ვალუტის ან ინფლაციის რისკების წინასწარ შესაფასებლად და მომხმარებლის ქცევის პროგნოზირებისთვის. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზოგ შემთხვევაში ბაზრის ფასი უფრო სწრაფ და ზუსტ სიგნალს იძლევა, ვიდრე ტრადიციული გამოკითხვა ან კონსალტინგური ანგარიში.
ამ სივრცეში უკვე აქტიურად განიხილებიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Robinhood და Coinbase, რადგან მათ აქვთ დიდი მომხმარებლური ბაზა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა. Bernstein მათ მნიშვნელოვან დისტრიბუციულ მოთამაშეებად მიიჩნევს.
სექტორის სწრაფ ზრდასთან ერთად რისკევბიც იზრდება — ბაზრის მანიპულაცია, შიდა ინფორმაციის გამოყენება, რეგულაციების გამკაცრება, აზარტულ თამაშებთან ზღვარი და პოლიტიკური გავლენები. სწორედ ამიტომ, ფინანსისტების განმარტებით,მომდევნო წლებში რეგულაცია ამ ინდუსტრიის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.
ფინანსისტები, AI-ტრენერები და ეკონოიმისტები მიანიშნებენ რომ თუ ქვეყანა შეძლებს თანამედროვე fintech ეკოსისტემის გაძლიერებას, ციფრულ რეგულაციებსა და ინოვაციურ ფინანსურ ინფრასტრუქტურას, საქართველოსაც შეუძლია მსგავსი ახალი ბაზრების რეგიონულ ჰაბად ქცევა — განსაკუთრებით კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
წყაროები:
https://www.coindesk.com/markets/2026/04/15/prediction-market-volumes-to-hit-usd1-trillion-by-2030-with-robinhood-coinbase-as-key-players-bernstein-says
https://www.pymnts.com/markets/2026/bernstein-predicts-1-trillion-in-prediction-market-volume-by-2030/
https://finance.yahoo.com
https://en.wikipedia.org/wiki/Prediction_market