2025 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტმა გადასახადებიდან 10.5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმის 100.5%-ია, თუმცა, საშემოსავლო გადასახადის გარდა, ყველა ძირითად გადასახადში ბიუჯეტის შემოსავლების მრავალმილიონიანი კლება აღინიშნება. მთლიანობაში ამ გადასახადების გეგმასთან ჩამორჩენა 217 მილიონ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- დღგ - 3.76 მილიარდი ლარი, ჩამორჩენა 6 თვის გეგმასთან 48 მილიონი ლარი;
- მოგების გადასახადი - 1.44 მილიარდი ლარი, ჩამორჩენა 6 თვის გეგმასთან 97 მილიონი ლარი;
- აქციზის გადასახადი - 1.18 მილიარდი ლარი, ჩამორჩენა 6 თვის გეგმასთან 68 მილიონი ლარი;
- საშემოსავლო გადასახადი - 3.71 მილიარდი ლარი, გადაჭარბება 6 თვის გეგმასთან 59 მილიონი ლარი;
- იმპორტის გადასახადი - 69 მილიონი ლარი, ჩამორჩენა 6 თვის გეგმასთან 4 მილიონი ლარი;
- სხვა გადასახადები - 361 მილიონი ლარი, გადაჭარბება 6 თვის გეგმასთან 211 მილიონი ლარი.
ფინანსთა სამინისტროს განმარტების თანახმად, "სხვა გადასახადების" მუხლზე თანხები აღირიცხება ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, იქამდე სანამ კომპანიები გადასახადების სრულ დეკლარირებას მოახდენენ.
აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი პირდაპირ მიბმულია ეკონომიკურ აქტივობაზე. 2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო ფაქტობრივი შედეგით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა, ეს კი დაგეგმილთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით მეტია. შედარებისთვის, გასული წლის საბიუჯეტო მაჩვენებლები იგივე პერიოდში გეგმას 5.5%-ით აჭარბებდა და მობილიზებული თანხა 9.9 მილიარდი ლარი იყო, 2025 წელს კი მსგავსი მასშტაბის გადაჭარბება არ ფიქსირდება და მეტიც, ძირითად გადასახადებში გეგმასთან ჩამორჩენაცაა.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა - თუკი ეკონომიკური ზრდა გეგმაზე მაღალია, მაშინ რატომ უჭირს ბიუჯეტს დღგ-ის გადასახადის გეგმის შესრულება. ამის მიზეზია ის თუ რა ფაქტორებით არის განპირობებული ეკონომიკური ზრდა - 2025 წელს ორნიშნა ზრდა ფიქსირდება IT სექტორის შემოსავლებში. პირველ კვარტალში ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის IT სექტორის ბრუნვა 96%-ით გაიზარდა და 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. თუმცა, თავის მხრივ ეს ბრუნვა პირდაპირ დღგ-ის ბრუნვაზე არ აისახება, რადგანაც IT სექტორში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. კერძოდ უცხოეთში სერვისის მიწოდება ამ კომპანიებისთვის არ იბეგრება. ასევე ამ კომპანიების მიერ გაცემული ხელფასებიც 20%-ის ნაცვლად 5%-ის საშემოსავლო გადასახადით იბეგრება, ხოლო მოგების გადასახადი კი 15%-ის ნაცვლად 5%-ია.
შესაბამისად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკაში გეგმით განსაზღვრულზე მაღალი ზრდის მთავარი ფაქტორი არის ზრდა IT სექტორში, რომელსაც ბიუჯეტზე პირდაპირი ფისკალური ეფექტი არ გააჩნია, რადგანაც ის გადასახადებისგან არის გათავისუფლებული.