2025 წლის პირველ ნახევარში საგარეო კრედიტების ათვისების გეგმის შესრულების ყველაზე დიდი ჩამორჩენა დაფიქსირდა. გეგმის თანახმად, საქართველოს მთავრობას 796 მილიონი ლარის საგარეო კრედიტები უნდა მიეღო, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ მხოლოდ 377 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის მხოლოდ 47%-ია. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, ჩამორჩენაა როგორც საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებში, ასევე ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებში. ამ უკანასკნელის ნაწილში ათვისება 0%-ს შეადგენს. (საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები - 377 მილიონი ლარი, გეგმის 72%; ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები - 0 ლარი (გეგმა 270 მილიონი ლარი).

ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების დაბალ ათვისებაზე BMG-მ ფინანსთა სამინისტროს წერილობით მიმართა. უწყებამ გამოცემას 7 ივლისს უპასუხა. პასუხის თანახმად, 270 მილიონი ლარი სრულად წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მისაღებ თანხას. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ამ კრედიტის ვალუტად ლარია მითითებული, თუმცა იმისთვის, რომ ADB-იმ ეს სესხი საქართველოს მიაწოდოს, ჯერ თავად ADB-მა უნდა გამოუშვას შესაბამისი, ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდი. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 2025 წელს გლობალურ საფინანსო ბაზარზე შეიქმნა რთული ვითარება, რაც მსგავსი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ართულებს. BMGისთვის გაგზავნილ პასუხში ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 74 მილიონი ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი უკვე ჩამორიცხულია, თუმცა ჩამორიცხვა არა ივნისში, არამედ ივლისის პირველ დღეებში განხორციელდა.

"როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხების ფარგლებში სესხის თანხების ჩამორიცხვა ხორციელდება შეთანხმებული მატრიცის საფუძველზე, შესრულებული ღონისძიებების შესაბამისად. 2025 წლის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხების ფარგლებში დღეის მდგომარეობით ჩამორიცხულია 74,248,237 ლარი (ჩამორიცხვა განხორციელდა ივლისის დასაწყისში, ნაცვლად ივნისისა) და მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან წლის ბოლომდე მისაღები საბიუჯეტო დახმარებების ტიპის სესხების ჩამორიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის 2 დეკემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2) ფარგლებში წარმოადგენს პირველ სუვერენულ სესხს, რომელიც დენომინირებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, რაც თავის მხრივ საჭიროებს დამატებით პროცედურებს თავად აზიის განვითარების ბანკის მხრიდან. ქართული მხარის მიერ მატრიცის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულებულია სესხის ფარგლებში 68,198,000 ლარის ჩამორიცხვა ამჟამად დამოკიდებულია აზიის განვითარების ბანკის ხაზინის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებული გლობალურ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებულ გარემოზე. შესაბამისად აღნიშნული სესხის ფარგლებში ჩამორიცხვა მოსალოდნელია წლის მეორე ნახევარში, ნაცვლად წლის პირველი ნახევრისა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში, რომელიც უწყებამ BMG-ს გაუგზავნა.