2025 წლის პირველ კვარტალში გადასახადების სახით ბიუჯეტმა 5.4 მლრდ ლარი მიიღო, რაც საპროგნოზო მოცულობას 2.3%-ით აჭარბებს. ჯამურად შესრულების მიუხედავად, გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენა დაფიქსირდა რიგი მიმართულებით კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ამის საპირისპიროდ, 161.2%-იანი გადაჭარბებით შესრულდა "სხვა გადასახადების" კატეგორია.
ექსპერტების ნაწილის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირად ბიუჯეტში თანხის მობილიზების მიზნით, შემოსავლების სამსახური მსხვილ ბიზნესს უკავშირდება და გადასახადების წინასწარ გადახდას სთხოვს.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს მოლოდინები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით არ გამართლდა.
„მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ორი მომენტი: პირველი, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული გეგმა. მეორე, წინა წელს გადახდილ გადასახადებთან შედარება, რამაც გვიჩვენა, თუ რამდენად მზარდი იყო ტემპი, რომლითაც შემოსავლები იზრდებოდა.
ფინანსთა სამინისტროს გეგმა მართლაც შესრულდა, მაგრამ უცნაური ფორმით, რომ ყველა გადასახადი, საშემოსავლო გადასახადის გარდა ნაკლებობით არის აკრეფილი. გეგმის შესრულება უზრუნველყო იმან, რომ ე.წ სხვა გადასახადებში გეგმის 260%-იანი შესრულება გვაქვს, რის საშუალებითაც მოხდა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში სამი თვის გეგმის შესრულება.
ჩემთვის გაუგებარია „სხვა გადასახადებში“ რა იგულისხმება. როგორც წესი, აქ წინსწრებით გადახდილი გადასახადები იგულისხმება, რომლებიც იურიდიულმა პირებმა წინსწრებით გადაიხადეს. ეს ე.წ სხვა გადასახადები რომ არა, სამი თვის გეგმა ვერ შესრულდებოდა.
აკრეფილი გადასახადები ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის გამოძახილია, მაგალითად, დღგ გვიჩვენებს, თუ რამდენად აქტიურია ბიზნესი და ინდივიდუალური მომხმარებლები. ის ფაქტი, რომ წელს ფინანსთა სამინისტროს თავისი გეგმის შესრულება უჭირს და ამას მხოლოდ სხვა გადასახადების ხარჯზე ახერხებს, მეტყველებს, რომ როგორ ჩანს ეს გეგმა ოპტიმისტური იყო. ფინანსთა სამინისტროს მოლოდინები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ბოლომდე არ მართლდება, რაც ცოტა დამაბნეველია, რადგან ორი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები რაც აქამდე გვაქვს, პირიქით გადაჭარბებით ზრდაა, ვიდრე გეგმით განსაზღვრული იყო(6%-იანი ეკონომიკური ზრდა)
ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ეს ფინანსთა სამინისტრომ დაგეგმა, მაგრამ ამავდროულად საგადასახადო შემოსავლების გეგმის შესრულება უჭირდეს და ამას მხოლოდ სხვა გადასახადების ხარჯზე ახერხებდეს?“,- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
გეგმას ჩამორჩა აქციზის გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობაც, კლება საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 12%-ია. კერძოდ, პირველ კვარტალში გადასახადების სახით ბიუჯეტმა 5.4 მლრდ ლარი მიიღო, რაც საპროგნოზო მოცულობას 2.3%-ით აჭარბებს. ჯამურად შესრულების მიუხედავად, გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენა დაფიქსირდა რიგი მიმართულებით კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი 12.4%-იანი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია.
ხიშტოვანი აქციზიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას თამბაქოთი ვაჭრობის სფეროში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს უკავშირებს.
„ეს კლება ჩემთვის ყველაზე გასაგები იყო. როცა სახელმწიფო ხაზინა ამ მონაცემების ჩაშლილ გეგმას დებს, იქ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აღნიშნული კლება დიდწილად იმპორტირებულ თამბაქოზე მოდის. ამ სექტორში ბევრი რეგულაცია ამოქმედდა, მაგალითად, შეფუთვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, 2024 წლის ბოლოს წინსწრებით მოხდა თამბაქოს იმპორტი. იანვარში მაღალი კლება იყო, შემდეგ მაჩვენებლები ისევ ნორმას დაუბრუნდა. საინტერესოა, იქნებოდა თუ არა კლება საწვავის იმპორტზე, რაც კარგი ინდიკატორია ეკონომიკური აქტივობის შესამოწმებლად. სამი თვის მონაცემებით, საწვავის აქციზიდან მიღებულ შემოსავლებში საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა. ასე რომ, ჩემი შეფასებით, აქციზის გადასახადის კლება თამბაქოს იმპორტიორების მხრიდან იმპორტის თანმიმდევრობის ცვლილებას უკავშირდება“,- თქვა გიორგი ხიშტოვანმა რადიო "კომერსანტის" ეთერში.