2008 წლის აგვისტოს ომის გავლენა რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე პირველად შესამჩნევი გახდა რუსეთის სავაჭრო სისტემის კომპოზიტიური ინდექსის ბირჟაზე, რომლის მაჩვენებელი 2008 წლის 8 აგვისტოს 15:45 საათზე თბილისის დროით 6%-ით დაეცა, რაც 2007 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
რუსი ანალიტიკოსები აქციების შემდგომ ვარდნას ვარაუდობდნენ, თუმცა მათი თქმით ეს ვარდნა მოგვიანებით გაბათილდებოდა. რუსული რუბლი ასევე დაეცა სხვა ვალუტებთან მიმართებით,1%-ით.
დანაკლისი განიცადეს ქართულმა ფინანსურმა ბაზრებმაც, რადგან Fitch Ratings-მა, დამოუკიდებელი კრედიტუნარიანობის გაუარესების გამო, საქართველოს ვალის რეიტინგი BB- -იდან B+ -მდე დააქვეითა. Standard and Poor's-მა ასევე დააქვეითა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის მარაგი არ გააჩნია, ის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციას ასრულებს დასავლეთისთვის და ამგვარად ომის გამო საშიშროება გაჩნდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი დაზიანდებოდა.
ნავთობსადენში წილის 30% British petroleum-ს უჭირავს. ნავთობსადენი კონფლიქტამდე გამოირთო და ომმა ნავთობსადენის კომპანიას დამატებითი პრობლემები გაუჩინა.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალებმა ფოთი დაბომბეს და სუფსის ნავთობტერმინალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. ამ მოვლენებს ნავთობის ფასზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
8 აგვისტოს ვაჭრობაზე ნავთობის ფასი ნიუ-იორკის მერკანტილურ ბირჟაზე $4,82 დოლარით დავარდა და $115.20 ნიშნულზე დაფიქსირდა.