ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შენობა, რომელიც „წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო იყო“, დღეიდან ახალ ფუნქციას იძენს და ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება.
მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს.
ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ყოფილი პარლამენტის შენობაში მოეწყო. შენობის რეაბილიტაციასა და ჰაბის მოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა.
ჰაბის გახსნის ღონისძიებისთვის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 515 008-ლარიანი გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა გააფორმა. ხელშეკრულება შპს „ვანილა ივენთთან“ დაიდო.
შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, კონტრაქტი მოიცავდა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების კრეატიული კონცეფციის შემუშავებას, ვიდეოწარმოებასა და შოუ-პროდუქციის სრულ ორგანიზებას.
კერძოდ, გათვალისწინებული იყო:
- 200 დრონისგან შემდგარი 10-15-წუთიანი შოუ, რომლის ღირებულება 100 000 ლარია;
- ვიდეორგოლების გადაღება, სცენარის მომზადება და პოსტპროდაქშენი — 90 000 ლარი;
- ოფიციალური ნაწილისთვის სცენის, LED ეკრანების, გახმოვანებისა და განათების მოწყობა;
- 400 სტუმარზე გათვლილი ფურშეტი, 400 ბოთლი შამპანური და მომსახურება, რისთვისაც 45 000 ლარია განსაზღვრული;
- ტექნიკური პერსონალის, დიზაინის, ტრანსპორტირებისა და პროექტის მენეჯმენტის მომსახურება.
ამ დროისთვის GITA-ს ყოფილი პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციასა და ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობაზე რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მათ შორისაა:
- ყოფილი პარლამენტის შენობის I და II სართულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო, MEP საინჟინრო სისტემებისა და კრეატიული დიზაინის ელემენტების მოწყობა — 9 308 908 ლარი;
- ყოფილი პარლამენტის C კორპუსის აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო, გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოები (Design-Build) — 5 791 443 ლარი;
- ქუთაისის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ექსპონატების შესყიდვა, ტრანსპორტირება და მონტაჟი — 2 360 800 ლარი;
- ტექნოლოგიური ჰაბის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (Design-Build) — 2 082 979 ლარი;
- ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (Design-Build) — 1 597 301 ლარი;
- ტექნოლოგიური ჰაბისთვის ავეჯის შესყიდვა — 994 000 ლარი.