„კრედიტინფოს“ 2025 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 942 838 ადამიანს აქვს, ჯამში 51 923 506 480 ლარის მოცულობის.

სესხზე 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 178 681 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 345 347-ს შეადგენს.

სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 761 573 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.97 მლრდ ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 107 926 მსესხებელს უფიქსირდება.

ვადაგადაცილებულ, ე.წ. უიმედო სესხებს კომერციული ბანკები ხშირად მესამე სუბიექტზე — “ამომღებ” კომპანიებზე ყიდიან, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

⏺ ბალანსის "გასუფთავება"

⏺ რისკის შემცირება

⏺ კაპიტალის გამოთავისუფლება

ამის შედეგად კი კომერციული ბანკის კოლექციური პორტფელი იზრდება.

,,საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის განმარტებით, სესხის ამომღები ორგანიზაციები სებ-ის მიერ შემუშავებული ეთიკის პრინციპით მუშაობენ, თუმცა იმის გამო, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად არიან რეგისტრირებული, საჯაროობის ნაკლები ვალდებულება აქვთ:

,,ამომღებ კომპანიებს აქვთ ეთიკის კოდექსი ეროვნული ბანკის მიერ, რომელსაც ეს კომპანიები აწერენ ხელს, და ამ წესების მიხედვით აქვთ შემუშავებული მოდელი, თუ როგორ უნდა მოექცნენ მსესხებლებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი კომპანიები სააქციო საზოგადოებას არ წარმოადგენენ, შპს-ებად არიან რეგისტრირებული, და შესაძლოა ყველა მონაცემის გასაჯაროების ვალდებულება არ ჰქონდეთ, მაგალითად, რა რაოდენობის პორტფელს მართავენ.

ასეთი ორგანიზაციები ე.წ. უიმედო სესხებს შედარებით დაბალ ფასად ყიდულობენ, თუ 100 ათას ლარიანია პორტფელი, 10 ათას ლარადაც კი, შემდეგ კი ცდილობენ ნაწილი მაინც ამოიღონ“ — აღნიშნავს კეპულაძე.

მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსურ ორგანიზაციას თავისი საკრედიტო პორტფელის გასხვისება (შესაბამისად, თქვენი სესხის გაყიდვაც) შეუძლია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებულ სუბიექტებზე (გარდა გამონაკლისისა, როდესაც იურიდიული პირი თანხმობას განაცხადებს სესხის არაფინანსურ ორგანიზაციაზე გასხვისებაზე).

საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების (NPL – non-performing loans) ბაზარი, მიუხედავად ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა, საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება.

კერძოდ, სამთავრობო რეგულაციები არ ავალდებულებენ კომპანიებს სპეციალური ლიცენზიებით ჩამოყალიბებულ მუშაობას, შესაბამისად, ამ სფეროში პრაქტიკულად არ არსებობს დასავლური მოდელის მსგავსი debt buyer ფირმები, მაშინ, როცა ზემოთ მოხმობილი სტატისტიკის მიხედვით, კრედიტორების რაოდენობამ 2025 წელს 100 000 სუბიექტს გადააჭარბა.

ბაზარზე ყველაზე ცნობილი კომპანია ამ დროისთვის FinBureau არის, რომელიც ღიად ყიდულობს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვადაგადაცილებულ სესხებს, ფლობს საკუთარ პორტფელს და ახორციელებს ვალის ამოღებას, რესტრუქტურიზაციასა და საკმაოდ ხშირად სასამართლოში გადასაყვანი ღონისძიებების ორგანიზებას.

ამ კომპანიაზე 2024 წელს 5 957 379 ლარის დივიდენდი გაიცა, ანუ მფლობელებმა თითქმის 6 მლნ ლარის მოგება მიიღეს.

საერთო ჯამში კი კომპანიის წმინდა მოგება 2024 წელს 9 449 482 ლარი შეადგინა.

დანარჩენი კომპანიები ბაზარზე მეტწილად აუთსორსის სერვისის პრინციპით მუშაობენ -ისინი არ ყიდულობენ ვალს, არამედ ბანკების სახელით აგროვებენ დავალიანებებს, ან იურიდიული დახმარებით წარმართავენ სასამართლო პროცესებს. გარდა ამისა, ბაზარზე არსებობს კერძო საინვესტიციო ჯგუფები ან ფიზიკური პირები, რომლებიც პერიოდულად ყიდულობენ მცირე პორტფელებს, თუმცა ისინი საჯაროდ არ ფიქსირდებიან და ძირითადად „ჩრდილოვან“ სეგმენტს წარმოადგენენ, ამიტომაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის თანხებია NPL სექტორში აკუმულირებული. 

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კომპანიებს ხალხი უბრალო "კოლექტორებად” მოიხსენიებს, რეალურად მათ სწორედ შეუძლიათ ვალის ყიდვა და საკუთარი ბალანსზე გადატანა, მოქალაქესთან დაკავშირება კი ხშირად იძულების ან მუქარის ენით ხდება.