TBC კაპიტალის სამშენებლო სექტორის გზამკვლევში ნათქვამია, საშუალო შეწონილი ფასის დინამიკა საკმაოდ განსხვავებულია ქალაქების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასებით თბილისი გამოირჩევა, სადაც, 2022 წელს, მიწის საშუალო გასაყიდი ფასი $162-ს გაუტოლდა. მას მოჰყვება ბათუმი, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 126 დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზე გუდაური იმყოფება 59 დოლარით. ყველაზე დაბალი ფასები კი გორში, თელავში და ზუგდიდში შეინიშნება. 2022 წელს ამ ქალაქებში საშუალო ფასი 10 დოლარზე ნაკლები იყო.
2022 წელს ქალაქების უმეტესობაში მიწის ფასების წლიური ზრდა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა ქუთაისი, სადაც 2021 წელთან შედარებით საშუალო გასაყიდი ფასი 49%- ით გაიზარდა. თელავში 31%-იანი და თბილისში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
თბილისის უბნებში ყველაზე მაღალი საშუალო ფასებით ცენტრალური უბნები - მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო გამოირჩევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთაწმინდის 2022 წლის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის დონეს 46%-ით აღემატება. 2022 წელს წლიური კლება საშუალო გასაყიდ ფასში დაფიქსირდა კრწანისში (-31%), საბურთალოსა (-12%) და ნაძალადევში (-7%).
ბათუმში გარეუბნებში არსებული ფასი მნიშვნელოვნად აჭარბებს პერიფერიებს. მაშინ როცა 2022 წელს გარეუბნებში ფასი 300 დოლარს აღემატება, პერიფერიებში დაახლოებით 90 დოლარს უტოლდება.