სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობამ 33.2 მლრდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.6 მლრდ ლარით (5.2%-ით) მეტია.
აუდიტის თანახმად, მიუხედავად ამ ზრდისა, მშპ-სთან მიმართებაში ვალის წილი შემცირდა და 36.1% შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. აუდიტის სამსახურის განმარტებით, აღნიშნული შემცირება ნომინალური მშპ-ს 11.0 მლრდ ლარით (13.6%-ით) ზრდამ განაპირობა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვალის ზრდაზე, სახელმწიფო ვალის მსგავსად, გავლენა იქონია როგორც ახალი სესხების აღებამ, ისე ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ. კერძოდ, ვალდებულებების წმინდა ზრდის შედეგად (სესხება - დაფარვა) ვალის ნაშთი 1.6 მლრდ ლარით გაიზარდა (აქედან საშინაო ვალი 1.4 მლრდ ლარით, საგარეო ვალი 219 მლნ ლარით), ხოლო ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად - 26 მლნ ლარით.
საგარეო ვალი და სტრატეგიული ნიშნულები
2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, საგარეო ვალის წილმა მთავრობის მთლიან ვალში 69.7% შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე (72.6%) 2.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ვალის მართვის მოქმედი სტრატეგიით საგარეო ვალის წილისთვის 65%-იანი საშუალოვადიანი ნიშნულია დადგენილი, რომელიც ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
ვალის მომსახურების ხარჯები და ფისკალური წნეხი
2024 წელს მთავრობის ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე ჯამურად 5.0 მლრდ ლარი მიიმართა. ამ ხარჯების უდიდესი ნაწილი (60.5%) საშინაო ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მოდის, რომელმაც 3.0 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან 74.7% ძირის დაფარვაზე მიიმართა.
აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გავლენაზე. 2022 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი და 2023 წლის ბოლოსთვის 3.4%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს, გლობალური მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების კვალდაკვალ, მაჩვენებელმა კლება დაიწყო, წლის ბოლოს კვლავ მაღალ ნიშნულზე - 3.1%-ზე შენარჩუნდა. იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო ვალის პორტფელის ნახევარი ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებშია წარმოდგენილი, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯები.
მეორე მხრივ, საშინაო წყაროებიდან მობილიზებული რესურსი უფრო მაღალი საპროცენტო ხარჯებით ხასიათდება, ვიდრე საგარეო რესურსი. შედეგად, მთავრობის ვალის პორტფელში საშინაო ვალის წილის ზრდა მნიშვნელოვნად ზრდის საშინაო ვალდებულებებზე გადახდილ საპროცენტო ხარჯს.
აღნიშნული ორი მოვლენის ერთდროული ზემოქმედება (გამკაცრებული გლობალური მონეტარული პოლიტიკა მაღალი ცვლადგანაკვეთიანი სესხების დიდი წილის პირობებში და საშინაო ვალის წილის ზრდა) მნიშვნელოვან ფისკალურ წნეხს ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.
რეკომენდაციები ფინანსთა სამინისტროს
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის მე-4 მიმართულებად განსაზღვრულია ვალის პორტფელის ხარჯისა და რისკის ოპტიმიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის დოკუმენტში მოცემულია პორტფელის რისკის შეფასების ინდიკატორები და დადგენილია შესაბამისი ზღვრები, ვალის პორტფელთან დაკავშირებული ხარჯის ინდიკატორი სრულფასოვნად წარმოდგენილი არ არის. ვალის დანახარჯების მინიმიზაცია კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ვალის მართვის ოპტიმალური მიდგომების შემუშავების პროცესში.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:
- მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტში აისახოს ვალის ხარჯების შეფასების ინდიკატორ(ებ)ი და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების პოტენციური გავლენა ამ ინდიკატორ(ებ)ზე.
- შეიმუშაოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით მობილიზებული საკრედიტო რესურსის ერთგვაროვანი სააღრიცხვო მიდგომა შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ერთვის დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მომზადებულ მოხსენებაში მოცემული შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესრულების პროგრესს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021-2023 წლების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებთან დაკავშირებით სულ 14 რეკომენდაცია გაიცა. არსებული მდგომარეობით:
- 3 რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული,
- 7 რეკომენდაცია განხილვის პროცესშია და მიმდინარეობს მათი განხორციელება,
- ხოლო დანარჩენი 4 რეკომენდაციის შესრულება ჯერ არ დაწყებულა
აუდიტი იძლევა ისეთ რეკომენდაციებსაც, რომლებიც ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, შესაბამის უწყებებს ევალებათ მუშაობის გააქტიურება, რათა დარჩენილი რეკომენდაციებიც დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს.